რამდენიმე დღის წინ, სამუშაო საათის დამთავრების შემდეგ ლანჩხუთში ჭადრაკის სახლის შენობას ხანძარი გაუჩნდა, რამაც შენობა, რომელიც ისედაც ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საგრძნობლად დააზიანა.
სპორტული ცენტრის დირექტორის გაგა იმნაიშვილის თქმით, თუ რა გახდა რეალურად ხანძრის გაჩენის მიზეზი, შესაბამისი მოკვლევის დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე კი საჭირო ფართის პრობლემა აწუხებთ ლანჩხუთელი მოჭადრაკეებს, რომლებიც დროებით საცურაო აუზის შენობაში დაბინავდნენ, სადაც სპორტული ცენტრის ადმინისტრაციაა განთავსებული:
"მოჭადრაკეებს ჩვენს შენობაში გამოეყოთ ერთი ოთახი და ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დამპირდნენ დახმარებას, რომ დროებით, სანამ ახალი სპორტული სკოლის შენობა გვექნება, მოხდეს მათი საჭირო ფართით უზრუნველყოფა", _ გვითხრა გაგა იმნაიშვილმა.
ჭადრაკის სახლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის თაობაზე დღის წესრიგში საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ია ჩხაიძემ დასვა და უშუალოდ გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსს გოგი ფაცურიას მიმართა, რომ, რაც შეიძლება დროულად მოიძებნოს შესაბამისი ფართი მოჭადრაკეებისთვის.
შექმნილ სიტუაციაში გამოსავალს უფრო მარტივად ხედავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძე _ მისი თქმით, უფრო მართებულია, ახალი სპორტული სკოლის აშენებამდე მოჭადრაკეებს სარგებლობაში გადაეცეთ ძველი რედაქციის შენობა:
"დამატებით არანაირი ფართის მოძიება არაა საჭირო _ ძველი რედაქციის შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს. კეთილი ვინებოთ და მოჭადრაკეები აქ გადმოვიყვანოთ, უკანონოდ რომ აქვს ეს ფართი სხვას დასაკუთრებული", _ ამბობს ბიწაძე.