ლანჩხუთის სპორტული ცენტრისა და გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ინიციატივით, გაიმართა სასკოლო ოლიმპიადა ცურვაში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ტურნირში მონაწილეობდნენ: ქალაქის პირველი და მეორე, ჩოჩხათის, ხაჯალიის, ნიგვზიანის, ჩიბათის, შრომისუბნის, ღრმაღელის საჯარო სკოლებისა და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები. სულ 45 მონაწილე (13 გოგონა და 32 ვაჟი).
სპორტული ცენტრის დირექტორის, გაგა იმნაიშვილის ინფორმაციით, გოგონებს შორის პირველი ადგილი ქალაქის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანი ბზეკალავამ დაიკავა. მეორე შედეგი კი პირველსკოლელმა ქეთი ურუშაძემ აჩვენა. მესამე საპრიზო ადგილი, ასევე, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ანი გურგენაძემ დაიკავა.
ვაჟებს შორის საუკეთესო იყო პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე კორნელი კუკულაძე. მეორე ადგილის მფლობელი დავით ოთხმეზურიც პირველ სკოლას წარმოადგენდა. ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეს ნოდარ სულაბერიძეს კი მესამე ადგილი ერგო ვაჟებში.