2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ფონი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა, როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ნაციონალურ მოძრაობას აწყობდა.
მარგველაშვილი არ საუბრობს პროკურატურის მიერ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის კვალიფიკაციით დაწყებულ გამოძიებაზე, თუმცა ამბობს, რომ "ე.წ. ისტერიული ფონი, რომელიც შეიქმნა, ორივე ძლიერ პარტიას აწყობდა".
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომ ჩამოვიდოდა საქართველოში, უფრო მეტად ართულებდა ვითარებას. მისი განცხადებით, მან სააკაშვილის განცხადებების შესახებ უკრაინელ დიპლომატებსაც ესაუბრა.
"საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას. ეს ნიშნავდა იმას, რომ ვითარება ექსტრემალურ პირობებში გადავიდოდა. არჩევნები ისედაც დაძაბული ფონია და, როცა ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი ჩამოდის იმ ქვეყანაში, სადაც მას ეძებენ, ეს ძაბავს საარჩევო ველს.
გვახსოვს სააკაშვილის განცხადებები უკრაინიდან ისეთ დონემდე ასული, რომ ჩვენ მოგვიხდა უკრაინის საელჩოს წარმომადგენლების მოწვევა და თქმა, რომ ჩარევა საარჩევნო პროცესში არის მიუღებელი. ამ დროს პროცესები ორივე დიდი პოლიტიკური პარტიისთვის მომგებიანი იყო, ამომრჩევლის ნაწილი გაუცხოვდა ნაწილი კი დაიკარგა, მათ შორის ჩემი ხმაც დაიკარგა," – აღნიშნა პრეზიდენტმა.