შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ქურდობაში ეჭვმინანილი ექვსი პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული მ.ჯ., 1995 წელს დაბადებული უ.ჯ., 1994 წელს დაბადებული ა.ვ., 1993 წელს დაბადებული პ.ა. და 1998 წელს დაბადებული გ.უ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების სხვადასხვა სოფელში ქურდობის 6 ფაქტი ჩაიდინეს. ბრალდებულებმა გაქურდეს სასურსათო მაღაზიები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი წაიღეს. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნინოწმინდის რაიონში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სოფელ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული ერთ-ერთი ბანკის სერვისცენტრი გაქურდეს, საიდანაც ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარეს.
უწყებისვე ცნობით, პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ექვსივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).