განათლების მინისტრის მიერ ცნობილი ზღაპრის გმირის კომბლეს გაკრიტიკებამ, რომ კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა, სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. "კომბლეს" თემას სოციალური ქსელითვე ეხმაურება პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე.
“ვიდრემდე კომბალს აღმართავდეთ თანამოძმეზე, მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა – ტყუილად ერჩით ერთმანეთს, ორივე მხარე, კომბლეს დამცველნიც და მოწინააღმდეგეებიც მართლები ბრძანდებით და თქვენი ქიშპი ეშმაკის მოწყობილია! საქმე ის გახლავთ, რომ ამ პატარა ქვეყანაში ორი კომბლეა, ორი კომბლე, ო რ ი!
ერთი კომბლე ტიპიური წითელი საქმოსანია, ბოროტი, ზარმაცი, ინტრიგანი და ყველაფრის მკადრებელი გაიძვერა. შეიძლება ჰომოფობიაც კი დაუმტკიცდეს! ღმერთი არ გაგიწყრეთ, მისი ზღაპარი ბავშვს არ წაუკითხოთ და ძილის წინ თქვენც ნუ მიეძალებით!
სამაგიეროდ, მეორე და ნამდვილი კომბლეა კეთილი და ყოვლად დადებითი პიროვნება, უკომბლესი, წარმატებული მეცხვარე და, რაც მთავარია, იმფერი მოდერნიზებული და მაღალტექნოლოგიურია, სპაიდერმენს არ დაესიზმრება – წაიკითხეთ და დარწმუნდებით. ნამდვილი საბავშვო გმირია!
ჰოდა, გეგონება, ერთი კომბლე არ ეყოფოდა ჩვენს გაჭირვებას, ფინთმა ეშმაკმა ისე მოაწყო, რომ ადამიანებს ორი სხვადასხვა კომბლე წააკითხა და ერი ორად გაყო.
მაშ ასე _ კომბლეს თემა შეგვიძლია გავიაროთ და რაიმე ახალი საბაბი ვეძებოთ მორიგი ფეისბუკკონფლიქტისთვის", _ წერს ვასილ მაღლაფერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.