თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოს გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომელმაც აღნიშნა, რომ აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მავნე ზეგავლენას ახდენს მისი ცნობიერების ფორმირებაზე. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა, თვითონ შეესრულებინათ ნეფე-დედოფლის როლი. თუმცა, ის ამისთვის სამსახურებრივ საყვედურს მიიღებს.
”თბილისის ბაგა-ბაღები 2012 წელს გამოცემული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამით ხელმძღვანელობენ, რომელიც შემუშავებულია ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის მიერ. პროგრამაში გაწერილია ასაკობრივად დიფერენცირებული და ასაკობრივად შერეული ჯგუფებისთვის სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის, 4-5 წლიანთა სააღმზრდელო ჯგუფისთვის ერთ-ერთი თემაა ”ქორწილი”, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, კონკრეტულად ცეკვის ელემენტების შესწავლას, მუსიკას, ასევე, სხვადასხვა ნიმუშების, საქორწინო აქსესუარების მომზადებას და ა.შ. ხოლო ის, რაც 56-ე ბაგა-ბაღში მოხდა, ცოტა გადაჭარბებული იყო. აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა, თვითონ შეესრულებინათ ნეფე-დედოფლის როლი, თუმცა სააგენტო არ ეთანხმება და აღმზრდელი აუცილებლად მიიღებს სამსახურებრივ საყვედურს”, _ აღნიშნა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძემ.