გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უცხადებს, _ ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სამინისტროს განცხადების თანახმად, 10 ნოემბერს, ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებულითავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა შესაძლებელი გახდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცური და თავდადებული მოქმედებების შედეგად.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება გერმანულ მხარეს და თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს.