ფოთის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მაყვალა კვაშილავა დამნაშავედ სცნო.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები კვაშილავას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 06:00 საათზე, ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში, მაყვალა კვაშილავას თავის საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული უთანხმოების მიზეზით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა მიმოზა სიჭინავასთან, რა დროსაც მაყვალა კვაშილავამ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მიმოზა სიჭინავას თავის არეში ნაჯახი რამდენჯერმე ჩაარტყა და სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად მიმოზა სიჭინავას გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა მაყვალა კვაშილავა იმავე დღეს, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.
ფოთის რაიონულმა სასამართლომ მაყვალა კვაშილავა სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით", _ აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.