კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაყადაღებულ ქონებაზე დღეს აუქციონი გამოცხადდა.
“თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული #4/ა-131-12 და #4/ა-129-12 სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დღეს ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ზე სს “ქართუ ჯგუფში” და აქციების 21.7%-ზე სს “პროგრეს ბანკში” აუქციონი გამოცხადდა,” _ ნათქვამია სააღსრულებლო ბიუროს განცხადებაში.
სანდრო ბარამიძე: “ამ ქონების კანონიერი მფლობელები არიან 11 იურიდიული პირი, რომლებიც ფლობენ ჯამში 100%-ს ქციებისა სააქციო საზოგადოებაში “ქართული ბანკი”. ეს იმას ნიშნავს, სასამართლომ გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ რომ გამოიტანოს, მაგრამ აუქციონზე გაიტანოს თქვენი ქონება. არ არსებობს ბუნებაში ერთი დოკუმენტიც, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს თუნდაც ერთ აქციას სააქციო საზოგადოებაში “ქართუ ჯგუფი”. თავიდან ბოლომდე ეს არის უკანონობა, ანუ აუქციონზე წარდგენილი იქნება რაღაცა ყალბი დოკუმენტი, შესაბამისად, გაიყიდება სულ სხვა პირების ქონება.
_ რას აპირებენ ის იურიდიული პირები, რომლებიც ამ აქციების კანონიერი მფლობელები არიან?
_ ცხადია, ეს პირები იჩივლებენ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც და ადრე თუ გვიან, ისინი დაიბრუნებენ იმას, რასაც მათ ახლა წაართმევენ. მაგრამ, ამ წუთში, ამის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ხელისუფლებას გააჩნია იძულებითი ბერკეტები, მის ხელში არის ყველა სახელმწიფო ორგანო, რომელიც უსიტყვოდ ემორჩილება ერთი კაცის მითითებებს. მაგრამ ეს არის იმ დონის უკანონობა, რასაც აკეთებდნენ ბოლშევიკები 1920-იან წლებში. აბსოლუტურად იგივე ტიპის უკანონობა, რაც გააკეთეს ბოლშევიკებმა კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით