პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის ოჯახი 3 მიწის ნაკვეთის, საცხოვრებელი სახლის, ბინის და ავტომანქანის მფლობელია. ამის შესახებ ქალდანის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 9 ნოემბერს შეავსო.
დეკლარაციის თანახმად, 1500.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთში, სოფელი მჭადიჯვარში (მილისწყარო) თამარ ქალდანის 100%-იან საკუთრებაშია. ასევე, 2005 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა ვოლკსვაგენ ჯეტა.
დანარჩენი ქონება, მის მეუღლეს ლევან მოსახლიშვილს ეკუთვნის _ 140.92 კვ.მ.-ის ფართობის ბინა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე; 384.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი დაბა კოჯორში და ამავე მისამართზე არსებული 153.00 კვ.მ-ის საცხოვრებელი სახლი. ასევე, 740.00 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელი ცხვარიჭამიაში.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის თანახმად, ოჯახის საერთო შემოსავალი გასულ წელს ჯამში 223 589,70 ლარი იყო. თუ აღნიშნულ თანხას თვეების მიხედვით დავყოფთ, გამოდის, რომ ქალდანის ოჯახის თვიური შემოსავალი, საშუალოდ, 18 ათას ლარს სცილდება.
2014 წლის შემოსავალთან შედარებით კი, 2015 წელს მიღებული შემოსავალი 27 563,99 ლარით მეტია. 2015 წლის დეკლარაციის თანახმად, ოჯახს ჯამში 196 025,71 ლარის შემოსავალი აქვს მღებული. თამარ ქალდანის მეუღლე ლევან მოსახლიშვილი კი, 6 ანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა.
2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, თამარ ქალდანის მეუღლეს 12 სხვადასხვა სამსხურიდან აქვს ანაზღაურება მიღებული.
კერძოდ, გასულ წელს ლევან მოსახლიშვილს კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტიდან, სადაც ის ასოცირებული პროფესორია 20 391.25 ლარი მიუღია; შ.პ.ს. კავკასიის უნივერსიტეტიდან (მოწვეული ლექტორი) 5 325.00 ლარი; სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან, სადაც დირექტორია იურიდიულ საკითხებში – 93 750 ლარი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (მოწვეული ლექტორი) – 1050 ლარი; სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტიდან (მოწვეული ლექტორი)- 3145.63 ლარი; სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტიდან, სადაც მას ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა უჭირავს – 18 750 ლარი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან (მოწვეული ლექტორი)- 1 100.00 ლარი; ქალაქ თბილისის მერიიდან, სადაც საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის წევრი იყო – 2450 ლარი; ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან (საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი) 625.00 ლარი; თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან (საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი) 625.00 ლარი; ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან (საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი) 625.00 ლარი; ტურიზმის გეოგრაფიული ცენტრიდან (ექსპერტი) კი, – 1447.20 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
რაც შეეხება თამარ ქალდანის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობისთვის მან გასულ წელს 72 000.00 ლარის შემოსავალი მიიღო. გარდა ამისა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან (მოწვეული ლექტორი) 200 ლარი მიუღია; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (მოწვეული ლექტორი) _840 ლარი; ხოლო კავკასიის უნივერსიტეტიდან (მოწვეული ლექტორი) _1265.62 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ოჯახის საბანკო ანგარიშებზე საერთო ჯამში 22 004,27 ლარი; 95,11 ევრო და 730,58 დოლარი იყო.
კერძოდ, თამარ ქალდანს თი-ბი-სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 5290.56 ლარი ჰქონდა; ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 2103.10 ლარი; სახელფასო ანგარიშზე – 1456.09 ლარი; ხოლო მიმდინარე ანგარიშზე 2.18 დოლარი;
რესპუბლიკა ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 215.23 ლარი ერიცხებოდა; თი-ბი-სი ბანკის კიდევ ერთ მიმდინარე ანგარიშზე 728.40 დოლარი, ხოლო ამავე ბანკის სხვა მიმდინარე ანგარიშზე 95.11 ევრო.
რაც შეეხება ლევან მოსახლიშვილს, თი-ბი-სი ბანკი საკრედიტო ანგარიშზე 2900.94 ლარი ჰქონდა; ამავე ბანკის სახელფასო (ოვერდრაფტი) ანგარიშზე – 2972.48 ლარი; საქართველოს ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 4000.02 ლარი; მიმდინარე ანგარიშზე – 2.21 ლარი; ვი-თი-ბი ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 5.66 ლარი; ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 3011.57 ლარი; რესპუბლიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე კი, – 46.43 ლარი.
დეკლარაციის გასავლის გრაფაში აღნიშნულია, რომ ლევან მოსახლიშვილს გასულ წელს ორი მობილური ტელეფონი შეუძენია, თითოეულის ფასი 1800 ლარია; ასევე, ტურისტულ მომსახურებაში მოსახლიშვილს 5658.66 ლარი გადაუხდია; ხოლო თამარ ქალდანს შვილის, შვილის, ნიკოლოზ მოსახლიშვილის სწავლისთვის 2750.00 ლარი აქვს გადახდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან მოსახლიშვილის სახელზე ორი სესხია _ 125 000-დოლარიანი იპოთეკური სესხი უძრავ ქონებაზე (140.92 კვ.მ ბინა მდებარე ალ. ყაზბეგის #34) მას 2011 წლის 15 თებერვალს დაუდია (ვადის ამოწურვის თარიღი 15/02/2011 – 05/12/2020) და გასულ წელს ამის გამო 20670.38 დოლარის გასავალი ჰქონია. ხოლო მეორე სესხი მოსახლიშვილის სახელზე ამერიკან ექსპრესის საკრედიტო ბარათიზეა (4000 ლარიანი ლიმიტით), რისთვისაც საქართველოს ბანკს გასულ წელს 86.00 ლარი გადაუხადა.
ამავე თემაზე:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ქონება და შემოსავლები