უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა ლევან იზორიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭო ერთხმად შეთანხმდა, რომ ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება, თავდაცვის სისტემაში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ, იყო ნაჩქარევი.
„ერთხმად შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა, თავდაცვის სისტემაში წვევამდელების გაწვევის შეჩერებას, იყო ნაჩქარევი. მეტსაც გეტყვით, ამ გადაწყვეტილების ავტორმა 2015 წლის ივლისში, პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ 2016 წელს ამ სისტემის გაუქმება არარეალისტურია. ყველანაირი ალტერნატივის გარეშე, წინასაარჩევნოდ, სამი დღით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის პოპულიზმი, შესაბამისად, დღეს გვაქვს გარკვეული პრობლემები დაკომპლექტების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ სრულიად ახალი სისტემა. თქვენ თვითონ შეაფასეთ ეს გადაწყვეტილება, რამდენად წინააღმდეგობრივია, როდესაც ერთი მხრივ ამბობ, რომ არარეალისტურია პროფესიულ არმიაზე 2016 წელს გადასვლა და ამის პარალელურად იღებდე გადაწყვეტილებას, რომლითაც გაწვევას აჩერებ ალტერნატივის გარეშე. რამდენად სერიოზული და ნაჩქარევია, თქვენთვის მომინდია დასკვნის გაკეთება”, _ განაცხადა ლევან იზორიამ.