„თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დეტალურად გადავამოწმებ, გავეცნობი, ალავიძესაც დავუკავშირდები და კომენტარს შემდეგ გავაკეთებ,“ _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.
თალაკვაძის თქმით, მისთვის უცნობია ნამდვილად შესწირა თუ არა ზურა ალავიძემ 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ 35 000 ლარი.
_ როგორც ვიცი, ბატონმა ალავიძემ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხა არ შეუწირავს,_ ამბობს თალაკვაძე.
_ თუმცა, დოკუმენტები სხვა რამეს ადასტურებს, ბატონო არჩილ. მისი პირადი ნომერი, რომლითაც გახორციელებულია შემოწირულობა და რომელიც დევს აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე, ცესკოს საიტზეც გადავამოწმეთ. შესაბამისად დასტურდება, რომ ნამდვილად მან შეწირა თანხა. ამას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ადასტურებენ…
_ კომენტარის გაკეთებას შევძლებ მას შემდეგ, რაც ამაზე მექნება კომუნიკაცია, პირველ რიგში, თავად ალავიძესთან. ის გუშინ წარადგინეს. არ მაქვს მასთან ახლო ურთიერთობა და ამაზე საუბრის საშუალებაც არ მქონია.
_ თუ დადასტურდა, რომ თანხა ნამდვილად შესწირა და შესაბამისად, მედიას ტყუილი უთხრა?
_ ვფიქრობ, რომ ეს პრინციპულად არ ცვლის მის წარდგენას მინისტრთა კაბინეტში. თუმცა, უფრო მეტის თქმას შევძლებ მაშინ, როცა დეტალებს გავეცნობი და დოკუმენტაციას ვნახავ.
_ ბატონო არჩილ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეწირული თანხა ერთადერთი არ არის ალავიძის ბიოგრაფიაში. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ კვლევაში _ „ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები“ რომელიც დოკუმენტებზე დაყრდნობით არის მომზადებული, აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ალავიძეს იმდროინდელი ხელისუფლება კანონს არგებდა.
_ ეს დოკუმენტები ნანახი არ მაქვს და თუ გამომიგზავნით, შევისწავლი. კომენტარსაც მას შემდეგ გავაკეთებ, რაც საკომიტეტო მოსმენები დასრულდება, რადგან თავადაც უნდა მოვიდეს პარლამენტში და შესაბამისად, უფრო ამომწურავად ვისაუბრებ ამ საკითხზე, _ აღნიშნა თალაკვაძემ ჩვენთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ზურა ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ წარადგინა. თუმცა, ალავიძის კანდიდატობის შესახებ "გურია ნიუსის" ორი კვირის წინ წერდა. სწორედ "გურია ნიუსის" საშუალებით გაიგო საზოგადოებამ ზურა ალავიძის წარსულზე და იმაზეც, რომ მან, 2012 წელს, ნაციონალური მოძრაობას 35 000 ლარი შესწირა. იმავე მასალაში მოყვანილი იყო "მწვანე ალტერნატივას" კვლევა, სადაც ალავიძეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებები აქვს წაყენებული და რომლის შესახებაც ალავიძემ "გურია ნიუსთან" საუბარი არ ისურვა.
იხილეთ სტატია: "ნაციონალების" ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი "ოცნების" მინისტრობის კანდიდატია _ ვინ არის ზურაბ ალავიძე