თავდაცვის კომიტეტში კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს ემზარ კვიციანი. როგორც ცნობილია, თავდაცვის კომიტეტი, ოპოზიციის კვოტით მოადგილის არჩევის საკითხს, მომავალ კვირას გააგრძელებს. თუმცა, კომიტეტის სხდომის თარიღი ჯერ არ დასახელებულა.
„მოადგილის პოსტთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვხსნით კანდიდატურას. არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც იქნება ნაციონალებთან. ოცნებასთან რა გვაქვს მოსალაპარაკებელი, ჩვენ ოცნებასთან კონკურენტი არ ვართ, მათ ხმა უნდა მოგვცენ,“ – განაცხადა კვიციანმა.
ამ თანამდებობაზე ნაციონალურმა მოძრაობამ ირაკლი აბესაძე, პატრიოტთა ალიანსმა კი ემზარ კვიციანი წარადგინეს. კომიტეტმა გუშინ წარდგენილი კანდიდატებიდან ვერც ერთი დაამტკიცა.
ენმ-ში აცხადებენ, რომ კანდიდატი მათ აუცილებლად ეყოლებათ. ირაკლი აბესაძე არც ე.წ. შეთანხმებას არ ადასტურებს.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ნაციონალურ მოძრაობას მოადგილეობის კანდიდატი აუცილებლად ეყოლება, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი, დღეს არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნის უშიშროების წინაშე დგას. არანაირ შეთანხმებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ირჩევს მოადგილეს კომიტეტის წევრების უმრავლესობა, ამ უმრავლესობას ფლობს ქართული ოცნება, ასე რომ, ველოდებით მათ გადაწყვეტილებას,“ – აცხადებს ირაკლი აბესაძე.
უსაფუძვლო პოლიტიკურ აჟიოტაჟზე საუბრობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
„ის კვოტები, რაც დადგინდა პოლიტიკური მოლაპარაკებების თუ შეთანხმების საფუძველზე და ამაზე შემდგომ უარზე წასვლა არ მგონია რომ სწორი იყოს. პატივისცემა მოეთხოვება ორივე კანდიდატს, ეს ერთი. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, კომიტეტის სხდომა როდესაც დაინიშნება, მაშინ ჩატარდება. არანაირი დამატებითი კომპეტენციით არ სარგებლობს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ვერ ვხდები ეს პოლიტიკური აჟიოტაჟი რა საჭირო იყო ამ საკითხთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.