26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო, XIV ტურის შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ბრძოლას გარდამავალი ჩემპიონატის პლეი ოფსა და პლეი აუტში გააგრძელებენ. ასევე გამოვლინდა ის ორი გუნდი, რომლებიც პირდაპირ დაქვეითდნენ – "ზუგდიდთან" ერთად ელიტას "ცხინვალიც" დაემშვიდობა.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ საქართველოს ახალი ჩემპიონის ვინაობა "ჩიხურასა" და "სამტრედიას" ორმატჩიან ბრძოლაში (3 და 11 დეკემბერს) გამოვლინდება.
ევროპალიგის პლეი ოფში კი, რომლის მატჩები 30 ნოემბერსა და 4 დეკემბერს გაიმართება, "საბურთალო"-"დინამო" (თბ) და "ტორპედო"-"დინამო" (ბთ) ითამაშებენ. ამ წყვილებში გამარჯვებულები
ევროპალიგის საგზურის მფლობელს 10 დეკემბერს, ნეიტრალურ მოედანზე გამართული ერთი მატჩით გამოავლენენ.
პლეი აუტში, რომლის მატჩები 1-ელ და 6 დეკემბერს გაიმართება, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ერთმანეთს "სიონი"-"შუქურა" და "გურია"-"დილა" დაუპირისპირდებიან. დამარცხებულები პირველ ლიგაში დაქვეითდებიან.