აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ახალი უმაღლესი საბჭო ჰყავს. რიგით მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომას პარლამენტის წევრების გარდა სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ პატარაძე, მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლები, რეგიონში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარები და პროპორციული სიით არჩეული დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ახალი ხელმძღვანელის პოსტზე, დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ პატარაძემ წარუდგინა.
36 წლის დავით გაბაიძე პროფესიით იურისტია. (ი. ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი) იგი ამავდროულად არის აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის მედიაციის ცენტრის მედიატორი, შპს "ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"-ს არბიტრი, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დავით გაბაიძე 2014 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად. იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2006-2007), სსიპ „ბათუმის ზღვისპირა პარკი" იურიდიული განყოფილების უფროსი (2005-2006), მუშაობდა იურისტად სხვადასხვა კერძო კომპანიებში. 2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2004 – ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა – საერთო სპეციალიზაციით. 22 წლის ასაკიდან ასწავლის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის უმაღლეს საფინანსო სკოლასა და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი.
რეგლამენტის თანახმად რიგით მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა პარლამენტის უხუცესმა წევრმა დავით თედორაძემ წაიყვანა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ მოწვეულ სტუმრებსა და დეპუტატებს არჩევნების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ფრაქციების რეგისტრაცია გაიმართა. დარეგისტრირებული 4 ფრაქციიდან უმრავლესობას 3 ფრაქცია, ხოლო უმცირესობას 1 ფრაქცია ეყოლება.