"ეს იყო მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები იყო. კოსმეტიკა კი მხოლოდ მანდილოსნებს უხდებათ", _ ამ სიტყვებით "ახალ თაობასთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა გააკრიტიკა. ბარამიძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს.
"გასულ კვირას 3 დღის განმავლობაში მთელი ქვეყანა იძულებული ვიყავით, გვესმინა მთავრობის წევრებისთვის. ეს იყო 3 დღე, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ დაამხეს ნაციონალებმა დასამტკიცებელ მთავრობას თავზე ყველაფერი.
4 წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ლარის კურსის გაუფასურება მოქალაქე გიორგი ქადაგიძის ბრალი იყო. ჰოი, საოცრებავ, ქადაგიძე აღარ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ვალუტა უარეს დღეშია.
ახლა ლარის გაუფასურებას ჩვენ, მოსახლეობას, გვაბრალებენ. თურმე ჩვენ არ გვცოდნია ეკონომიკური, ფისკალური და საგადასახადო დეტალები. სინამდვილეში, თავად არის ეს ხელისუფლება გამოჰეჯირებული. არსებულ ვითარებას ვერც მთავრობის შეცვლა უშველის, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არ ყოფილა რეალური ცვლილებები. ეს იყო მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები იყო. კოსმეტიკა კი მხოლოდ მანდილოსნებს უხდებათ. ყველა მიმართულებით კოჭლობენ და ამას კოსმეტიკით ვერ დაფარავენ. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამას ვერც კი ხვდებიან. სანამ ესენი იქნებიან, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არც კი უნდა ვიოცნებოთ. " განაცხადა ბარამიძემ "ახალ თაობასთან" ინეტრვიუში.