შემოქმედის ეპარქია ქალაქის მერიას პასუხობს: "გვსურს, გამოვეხმაუროთ ქალაქის მერის განცხადებებს და ეპარქიისადმი ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გაღებული ფინანსური დახმარების საკითხს.
ნებისმიერი შემოწირულობა, დაფინანსება და მიზნობრივი დახმარება მოხმარდა და ხმარდება ეკლესია-მონასტრების მშენებლობას და განვითარებას;
დაფინანსება, რომელსაც ქალაქის მერია გამოყოფს, არასოდეს ყოფილა წელიწადში 55 000 (ორმოცდათხუთმეტიათასი) ლარზე მეტი, ხოლო 2016 წელს გაცილებით ნაკლები – 25 000 (ოცდახუთიათას) ლარს შეადგენდა;
ტაძრის ქტიტორები და მშენებლები კარგად უწყიან, რომ აღნიშნული დაფინანსება ერთი მცირე ტაძრის მშენებლობისათვისაც კი არ არის საკმარისი;
ეპარქია საკუთარი მეურნეობის და საეკლესიო შემოწირულობებიდან ეხმარება საციალურად შეჭირვებულ ადამიანებს საკვებით, მედიკამენტებით და სხვა;
მზადყოფნას გამოვთქვამთ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფინანსისტებთან ერთად, დეტალურად განვიხილოთ მერიის მხრიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვითი ნაწილი და ანგარიში; ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევთანხმდეთ სამომავლოდ, ანგარიშვალდებულების ნებისმიერ მისაღებ მექანიზმზე.
ჩვენ ვლოცულობთ მრევლისთვის, მთავრობისა და მხედრობისათვის, მათ შორის ქალაქის მერის და მისი თანამშრომლების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები აწერს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ოზურგეთის მერიამ შემოქმედის ეპარქიას დაფინანსება ხარჯების არამიზნობრივი ხარჯვის გამო შეუწყვიტა.
ამავე თემაზე: ოზურგეთის მერი საგანგებო განცხადებას ავრცელებს _"საპატრიარქოსა და კომპეტენტურ ორგანოებს დოკუმენტაციას აუცილებლად გადავცემთ"
შემოქმედის ეპარქია: "მერმა გამოაქვეყნა ცილისმწამებლური ინფორმაცია შემოქმედელი მიტროპოლიტის მიმართ"