ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდა ვიზალიბერალიზაციას, თუმცა, რჩება პროცედურები, რომელთაც დრო სჭირდება.
მათი თქმით, ევრო პარლამენტის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ მხოლოდ ფორმალური პროცედურებია გასავლელი, თუმცა ევროპელი პოლიტიკოსები მიანიშნებენ, რომ ამ პროცედურებს დრო სჭირდება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი ამბობს, რომ ხშირად პროცედურები რთულია, რადგან გადაწყვეტილებას უვიზო მიმოსვლაზე ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფო იღებს.
„ქართველებმა იციან, რომ მთელი რიგი პროცედურები არსებობს ვიზალიბერალიზაციის გზაზე, თუმცა, ძალიან კარგია, რომ ყოველდღიურად ახალ ამბავს ვიგებთ ამასთან დაკავშირებით. მე უკვე ორი წელია, ვიმყოფები საქართველოში და კარგად მესმის, რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია არა მარტო მთავრობისთვის, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვისაც. ხშირად პროცედურები რთულია, რადგან გადაწყვეტილებას ევროკავშირი 28 წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით იღებს, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ნამდვილად წინ მიიწევს", _ განაცხადა იანოშ ჰერმანმა.