ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ნათია შარაშენიძემ ქალაქის მერს, ბეგლარ სიორიძეს სასამართლოში უჩივლა.
„მიმდინარე წელს, როგორც საკრებულოს წევრმა, მივმართე ქალაქის მერს და მოვითხოვე, გადმოეცათ ჩემთვის შემდეგი საჯარო ინფორმაცია, კერძოდ: 2015-2016 წლებში ჩატარებული აუდიტორული დასკვნის შედეგები, სამწუხაროდ, მერიამ სხვადასხვა მიზეზის გამო დოკუმენტაცია დამიმალა და არ მომაწოდა, რის გამოც ხელი შემეშალა, სრულფასოვნად გამეხორციელებინა ჩემი, როგორც საკრებულოს წევრის უფლება-მოვალეობები.
რადგან საჯარო ინფორმაციის მიღების ყველა გზა ჩემთვის მოჭრილია, სხვა გზა, პრაქტიკულად, აღარ დამრჩა და მივმართე სასამართლოს. ვიმედოვნებ, სასამართლო არ იქნება მიკერძოებული და დააკმაყოფილებს ჩემს სარჩელს, რადგან მე ვითხოვ საჯარო ინფორმაციას, რომელიც მესაჭიროება სამუშაოდ“, _ გვითხრა შარაშენიძემ.
ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს ბეგლარ სიორიძე. ქალაქ ოზურგეთის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ხათუნა შარაძე კი ამბობს, რომ დეპუტატისთვის საჯარო ინფორმაცია არასდროს დაუმალავთ:
_ ნათია შარაშენიძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან არ ყოფილა ამ პერიოდის განმავლობაში თუნდაც ერთი შემთხვევა, რაზეც ქალბატონ ნათიას პასუხი არ მიეღოს კანონის და წესის სრული დაცვით. შესაბამისად, ჩვენ, ჩვენი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში შევეცდებით, _ გვითხრა შარაძემ.
ქალაქის მერის წინააღმდეგ დეპუტატის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვას ქალაქ ოზურგეთის სასამართლო 21 დეკემბერს დაიწყებს.