პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, რომ ტარიფების გაზრდის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს.
„ელექტროენერგიის წარმოების ხვედრითი წილი თბოელექტროსადგურებიდან არის ძალიან დაბალი. ვინაიდან ტარიფი არ შედგება მხოლოდ ერთი კომპონენტისაგან, ის შედგება ბევრი კომპონენტისაგან. როგორც წესი, გადაბალანსება ხდება. მთავრობის, სემეკის, პარლამენტის პოზიცია არის, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და მისი მდგომარეობა არ გაუარესდეს. ამ მიმართულებით მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება მოსახლეობის ინტერესების. ეს არის პოზიცია, რომელიც გააჩნია უმრავლესობასაც, მთავრობასაც . მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს. ეს არის ჩვენი ურყევი პოზიცია“, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგია დაახლოებით 2 თეთრით, ბუნებრივი აირის ტარიფი კი 10 თეთრით მოიმატებს.
„ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ამ კვირის განმავლობაში სხდომებს გამართავს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს“,-აცხადებენ უწყებაში.
სემეკის და ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიაჩნიათ ენერგეტიკოსებს. თენგიზ ჭითანავას განცხადებით, არ შეიძლება მოსახლოება წინასწარ მოლოდინის რეჟიმში ჩააყენო და ცეცხლზე ნავთი დაასხა.
„სჯობს გაანალიზონ მოსალოდნელი შედეგები და შემდეგ აკეთონ ზუსტი განცხადება მოიმატებსტარიფები, თუ უცვლელი დარჩება. მიზანშეწონილი არ არის გამოსვლა და საუბარი იმაზე, რომ შეიძლება დენი და გაზი გაძირდეს“, _ აცხადებს ჭითანავა „რეზონანსთან“ საუბარში.