მოხუცს დიდი ხანია ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამასთან ერთად, უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს. მან რამდენჯერმე მიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, მაგრამ ვერც ფულადი დახმარება მიიღო და ვერც სამედიცინო პოლისი. ცოტა ხნის წინ, ვალიდა ბებო კოხნარის მედია წიგნიერების ცენტრს ესტუმრა და განცხადების დაწერაში დახმარება გვთხოვა. ჩვენც დავეხმარეთ და მისი კარნახით დაწერილი წერილი გასაჭირის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს გავუგზავნეთ.
რადგან ქალბატონ ვალიდას ერთადერთი ძროხა 79 500 ქულად იქნა შეფასებული, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა კი 57 001 ქულაა, ვალიდა ბებოს უარი უთხრეს დახმარებაზე.
“განმეორებით შეფასების მოთხოვნით, სააგენტოს შესაბამის სამსახურებს შეგიძლიათ მიმართოთ 2013 წლის 13 მარტიდან,” _ წერილს ხელს აწერს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსი ვაჟა ჯაფოშვილი.
რამდენიმე კვირაა, ვალიდა ბებოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმთან ვიზიტის და მედიკამენტების შესაძენად “79 500 ქულიანი ბოჩოლაც “გაყიდა და მისი სოციალური მდგომარეობაც უკიდურესად დამძიმდა.
ვალიდა მეფარიშვილს მისი მდგომარეობის გასაგებად ვესტუმრეთ. მოხუცი ძალიან ცუდად იყო: “მთელი დღეა ცუდად ვარ, ბებო. უკვე აღარ მახსოვს, ამ კვირაში რამდენჯერ გამოვიძახე სასწრაფო. ერთადერთი ძროხაც გავყიდე, ამდენი წამლები ვიყიდე და საშველი მაინც არ არის. გული მაწუხებს ბებო, მე ისეთი ავადმყოფი ვარ, სულ ექიმის მეთვალყურეობის და წამლების ქვეშ უნდა ვიყო. დახმარება კი არა, პოლისიც უსაშველო გახდა ჩემთვის. რა დაინახეს ამ ქოხში ასეთი, არ ვიცი”.
_ ვეცდებით, როგორმე დაგეხმაროთ.
_ მე ვეღარ მოვესწრები მაგ დახმარებას და…
ძლივს დავითანხმეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება რომ გამოგვეძახებინა.
_ გადამიყვანენ, ბებო, საავადმყოფოში, მე კი კაპიკიც არ მაქვს.
ბრიგადა მაინც გამოვიძახეთ. ექიმმა ნინო პაიჭაძემ მოხუცის გადაყვანა საჭიროდ მიიჩნია, შემდგომი გამოკვლევისთვის.
ჩვენ დავუკავშირდით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლელა იმედაშვილს, რომელიც დაინტერესდა ვალიდა მეფარიშვილის მდგომარეობით და დაგვპირდა, რომ გამგეობა მოხუცს ერთჯერადად წამლების შესაძენად საჭირო ფულად დახმარებას გამოუყოფს.
ფიქრია ბეღელაძე, კოხნარის მედიაწიგნიერების ცენტრი