რა დაპირებები შეასრულა და რა ვერა, რას ფიქრობს არჩევნებზე, სოფლებში წაგებულ არჩევნებზე, ოპონენტების ბრალდებებზე და მოსალოდნელ შემცირებებზე _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ჩვენს რუბრიკაში _ "ერთად შევაჯამოთ 2016", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე საუბრობს.
_ ბატონო მერაბ, ეს ინტერვიუ 2017 წლის პირველ ნომერში იბეჭდება. როგორ შეაფასებდით გასულ ერთ წელიწადს?
_ პირველ რიგში, ახალ წელს გილოცავთ! გისურვებთ ეს წელი ყოფილიყოს ახალი შესაძლებლობების, აღმოჩენებისა და მათი წარმატებით გამოყენების წელი. ვულოცავ გურიას და მთელ საქართველოს.
2016 წელი იყო რთული და საინტერესო მოვლენებით დატვირთული. წლის ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სერიოზული წინსვლა აქვს _ დავასრულეთ რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, გავიარეთ საპარლამენტო არჩევნები და შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ეს იყო მოსახლეობის ადეკვატური პასუხი ჩვენ მიერ გახორციელებულ პროექტებზე, ჩვენს მიდგომაზე თითოეული მოქალაქის მიმართ. პასუხისმგებლობა დიდია და ამას განსაკუთრებულად ვგრძნობთ _ ვცდილობთ, დავხვეწოთ და განვავითაროთ მუნიციპალური სერვისები, დავნერგოთ ინოვაციები, სახელმწიფოს მხარდაჭერით წამოვიწყოთ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები. ჩემი უფლებამოსილების პერიოდში მუხტი არ დავარდება და მინდა, მოსახლეობამ ეს საკუთარ თავზე იგრძნოს. გასაკეთებელი ბევრად მეტია, თუმცა, მათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა, დახვდებათ კარგად აწყობილი სისტემა და მეტი წარმატებით გააგრძელებენ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვას.
_ რამდენად შეასრულეთ ის დაპირებები, რომლებიც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას მიეცით?
_ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამოქმედო ტერიტორია შეადგენს 28 თემს 74 განსახლების ადგილით. იმ ბიუჯეტის პირობებში, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გააჩნია, შეუძლებელია ყველა სოფლის პრობლემის ერთდროულად გადაჭრა.
მძიმე სიტუაცია დაგვხვდა _ არის სოფლები, სადაც წლების მანძილზე თითი თითზე არ დადებულა. სოფლებში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას გზა, წყალმომარაგება და ისეთი მუნიციპალური სერვისების არსებობა წარმოადგენს, რომელთა დახმარებით მათ ელემენტარული განცხადების დასაწერად ქალაქში ჩამოსვლა არ მოუწევთ. ელექტრონულმა საქმისწარმოებამ გაამარტივა და ეფექტური გახადა საზოგადოების კომუნიკაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. რამდენიმე სოფელში გადავწყვიტეთ წყალმომარაგების პრობლემა, მაგალითად, მოეწყო ასკანა-მთისპირი-მშვიდობაურის 7 კმ. წყლის მაგისტრალი _ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება; გაფილტურული, ეკოლოგიურად სუფთა სასმელი წყლით მარაგდება სოფელ მერიაში ჩვენ მიერ რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 90 უსახლკარო ოჯახს გარემონტებული ფართები ჩავაბარეთ; დასრულებულია სოფელ ჯუმათის წყალსადენის მშენებლობა _ საუკეთესო ხარისხის სასმელი წყლით 400 ოჯახი ისარგებლებს; დაიწყო გომის მთის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა; იწყება დაბა ლაითურის საკმაოდ ძვირადღირებული წყალმომარაგების პროექტი; სოფლის პროექტებით 25 სოფელში მოხდა წყლის სისტემების რეაბილიტაცია; ჩამოვაყალიბეთ შპს "სატისი," რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს; აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ხიდებს (შემოქმედი, ლიხაური, მაკვანეთი, ჯუმათი, დაბა ლაითური-მერია); გავიყვანეთ გზები იქ, სადაც მოსახლეობა წლების მანძილზე უგზოობით იყო შეწუხებული; აშენდა 5 ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ჭანიეთში, წვერმაღალაში, ცხემლისხიდში, ბახვსა და სოფელ ოზურგეთში; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 30 საბავშვო ბაღს; გახორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარეებზე _ ბჟუჟზე, ნატანებზე, აგიდაყვაზე და ა.შ.; ჯამში, მოეწყო 900 მეტრი ნაპირსამაგრი გაბიონი და მოხდა 8 კმ. მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნება; გადაიხურა 34 საცხოვრებელი კორპუსი დაბა ლაითურში, დაბა ნარუჯაში _ 10, სოფელ ლიხაურში _ 3, შემოქმედში _1, ასევე, გადაიხურა კერძო საცხოვრებელი სახლებიც.
გარდა ამისა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ვაგრძელებთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი სოციალური პროგრამებითა და გამგებლის სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხები, რომლითაც უამრავი ადამიანის ოპერაცია დაფინანსდა.
_ მრავალი დაპირებიდან რომელიმეს გახორციელება ვერ შეძელით?
_ დაპირებას ვერ დავარქმევ _ არის რამდენიმე ისეთი სურვილი, რომლის გახორციელებაც ჩემი ყველაზე დიდი ამოცანაა და იმედი მაქვს ამას ჩემი უფლებამოსილების დასრულებამდე შევძლებ. გასაკეთებელი ძალიან ბევრია _ ამას მეც და ჩემი გუნდიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვაცნობიერებთ.
_ მოსახლეობა ხშირად გსაყვედურობთ, რომ თქვენი პრიორიტეტი მშობლიური სოფელი შემოქმედია. დანარჩენ სოფლებში რატომ ვერ მოახერხეთ ინფრასტრუქტურის განვითარება?
_ რატომ, შემოქმედის სკვერის გამო? ეს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო და ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესრულებინა. თუ ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო, რომელიც სტიქიის დროს დაზიანდა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით გახორციელდა? დავკონკრეტდები: ბოლო 3 წლის მანძილზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატანები, ცხემლისხიდი, ლიხაური, ჭანიეთი, ვაკიჯვარი, დაბა ურეკი _ ჩატარდა სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები; წვერმაღალში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, ვაკიჯვრისა და ჯუმათის სტადიონებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ჯამში, სოფლებში მოეწყო 125 კმ. გარე განათების სისტემა.
სოფლების გამოცოცხლების მიზნით, ვცდილობთ, ყველა სოფელი მოვიცვათ კულტურული და სპორტული ღონისძიებებით. დავაწესეთ სოფლების სახელობითი დღესასწაულები. ვმართავთ გრანდიოზულ ღონისძიებებს. ჩამოგვყავს ყველასთვის საყვარელი ანსამბლები და სოლო შემსრულებლები. ვაჯილდოვებთ წარმატებულ პედაგოგებს, მეცნიერებს, მეურნეებს, კოლორიტებს. საკუთარი სოფლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვანიჭებთ დამსახურებული მოღვაწეების წოდებას. გადავცემთ ფულად პრემიებს.
_ საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია სოფლის შიდა გზები, რომელთა მოწესრიგების პირობა ბევრჯერ მოვისმინეთ. ამ ყველაფერს კი ცენტრალური გზებიც დაემატა. ნატანები-ურეკის საავტომობილო გზაზე გავლა თითქმის შეუძლებელია, ანალოგიური მდგომარეობაა ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე. ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?
_ მოგეხსენებათ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გააჩნია 2 000 კილომეტრი შიდა სასოფლო გზა, რომელთა უმეტესობაც მეწყერსაშიშ ზონაშია. შიდა სასოფლო გზების პრობლემის გადაწყვეტას ესაჭიროება, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარი. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი ბიუჯეტის პირობებში, რამდენადაა შესაძლებელი ყველა სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა? 2014 წლის აგვისტოდან დღემდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოასფალტდა 27 კმ. გზა, დაიგო 7, 952 კმ. ბეტონის გზა; დავიწყეთ სოფელ ოზურგეთი-გურიანთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია _ პირველი ეტაპი დასრულდა; ასევე, დავიწყეთ ბოხვაური-შემოქმედის, მელექედური-ნასაკირალის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია; დასრულდა გაღმა დვაბზუ-ბახვის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პირველი ეტაპი. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელსაც გაგრძელდება; დაიგო დაბა ურეკის შიდა გზა სიგრძით _ 4,2 კმ. მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი-6,5 კმ-იანი მონაკვეთი და სოფელ ნაგომრის 1 კმ. სიგრძის გზა.
რაც შეეხება, ნატანები-ურეკი, ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზებს, ისინი სახელმწიფო მნიშვნელობისაა და მათი მოწესრიგება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება. როგორც მაქვს ინფორმაცია ნატანები-ურეკის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
_ თქვენი ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ საქმის კეთებაზე მეტად პიარით ხართ დაკავებული. რას უპასუხებთ მათ?
_ მოსახლეობას სრული უფლება აქვს, იცოდეს სად, როგორ და რატომ იხარჯება საბიუჯეტო სახსრები, რას და როგორ აკეთებს მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რამდენად სწორი მიდგომები აქვს და ითვალისწინებს თუ არა ამომრჩევლის ინტერესებს. ის, რასაც ბევრი პიარს უწოდებს, ჩემთვის ანგარიშვალდებულებაა თითოეული ადამიანის წინაშე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. საქმეს თუ ვერ აკეთებ, გასაპიარებელიც არაფერი იქნება. აქამდე მმართველ გუნდს სათანადო პიარის არქონას საყვედურობდნენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და საინფორმაციო საშუალებებით მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობის ინფორმირებას. მერწმუნეთ, რეალურად უფრო მეტი კეთდება, ვიდრე ჩანს.
_ მოსალოდნელ შემცირებებზე რას გვეტყვით? უკვე გადაწყვიტეთ ვის და რატომ უშვებთ სამსახურიდან?
_ ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა რგოლმა, თითოეულმა სტრუქტურულმა ერთეულმა ფუნქციათა გადანაწილების შესაბამისად მაღალკვალიფიციურად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულმა დაწესებულებამ _ გამგეობამ გადაჭარბებით შეასრულა მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით აღებული ვალდებულებები. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის დღის წესრიგში დადგა ადმინისტრაციული საოპერაციო ხარჯების შემცირება, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის "შრომის ანაზღაურების" მუხლში წარმოიშვა არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრები, ხოლო, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, "საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) დაფინანსების შემცირების საფუძველი". ანალოგიური ჩანაწერია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტშიც.
ასე რომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება გარდაუვალ, შეუქცევად და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
_ გასული წელს ოზურგეთში ორი არჩევნები იყო _ საკრებულოს შუალედური და საპარალამენტო. ორივე არჩევნები აჭარულ დასახლებებში წააგეთ. ეს პირველი პრეცედენტი იყო, როცა ამ დასახლებებში სახელისუფლებო ძალამ გამარჯვება ვერ მოიპოვა. თქვენი აზრით, რა გახდა ამის მიზეზი _ ცუდად შერჩეული კანდიდატები თუ ხელისუფლების ცუდი მუშაობა?
_ ეს ადგილობრივი მოსახლეობის არჩევანია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ჩატარდა ყველაზე დემოკრატიული არჩევნები და მოსახლეობამაც ყოველგვარი იძულების გარეშე გამოხატა საკუთარი პოზიცია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო.
_ გურიაში ერთადერთ მუნიციპალიტეტს წარმოადგენთ, რომელმაც 2017 წლის ბიუჯეტის გაზრდა 3 მილიონი ლარით მოახერხა. ეს რის ხარჯზე მოხდა?
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 10 481 900 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 7 014 000 ლარით, 2016 წლისა _ 9 066 700 ლარით, ხოლო 2017 წლისა 10 281 900 ლარია. წინა წლებთან შედარებით გვაქვს 3 227 900-ლარიანი ზრდა. ეს გახორციელდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების მხოლოდ პირდაპირი, ღია აუქციონის წესით გასხვისებიდან შემოსული თანხებით, რიგი ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან შემოსული თანხებითა და ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებისთვის სხვადასხვა ფონდებთან თანამშრომლობით.
_ 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი რა არის და როგორ მოახერხეთ მისი გამოკვეთა? საზოგადოების ინტერესი გაითვალისწინეთ?
_ მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლების ხელშეწყობა, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული პროექტები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენთვის მთავარია მოსახლეობა, მისი ინტერესების გათვალისწინება და ბიუჯეტის რაციონალურად დაგეგმვა, ამიტომ ბიუჯეტის დამტკიცებას წინ უსწრებდა განხილვები საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში, საზოგადოებრივ დარბაზთან მოქალაქეთა ჩართულობით, რომლებმაც საკმაოდ საინტერესო ინიციატივები და წინადადებები წარმოადგინეს. მინდა მომავალი წელი ჩვენი რაიონის განვითარების მხრივ მეტად მნიშვნელოვანი იყოს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას და ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვას.
_ და ბოლოს, ეს საახალწლო ნომერია და რბილი თემით დავასრულოთ… რამდენიმე წელია გურიის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოს სტატუსს არ თმობთ. მომავალ წელსაც აპირებთ ამ სტატუსის შენარჩუნებას თუ თქვენი გული დაკისრებულ?
_ არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი და მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის აფიშირება არ არის სწორი. ამიტომ, ამ თემას დახურულად დავტოვებ.