საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველო – ისრაელს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების, ძლიერი პარტნიორობისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა.
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ისრაელში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და აღნიშნა, რომ ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარჯოზე და ტერორიზმის წინააღმდეგ.
"ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით და დღესაც მხარს ვუჭერთ ისრაელის ხალხს, გამოვხატავთ თანადგომას ამ მძიმე წუთებში. ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლობა კეთილი ნების ქვეყნებს შორის, რომელიც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის სტრატეგიული ინტერესების საქმიანობას, მიგვიყვანს ეფექტურ გადაწყვეტამდე ტერორიმზის პრობლემის, როგორც ამ კონკრეტული ტერორისტული აქტების, რომელიც ხდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ასევე იმ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად, რომელსაც ჰქვია „ისალამური სახელმწიფოს“ პრობლემა და რომელიც კაცობრიობის კეთილი ნების და ღირებულებების მატარებელმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ“, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.