"პროკურატურამ მაცნობა, რომ დღეს 7 საათზე რატი გაჩეჩილაძის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს სასამართლო და თუ მსურს, შემიძლია, გამოვცხადდე", _ წერს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
როგორც გვარამია წერს, რას მოითხოვს პროკურატურა, ეს მისი პრეროგატივაა და მისთვის მთავარია, სასჯელი ქმედების ადეკვატური იყოს.
"არ მსურს. ჩემი საქმე არაა, პროკურატურა რა აღმკვეთს მოითხოვს და რას თვლის საკმარისად და მიზანშეწონილად. ეს მთლიანად პროკურატურის და სასამართლოს უფლება და პასუხისმგებლობაა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ერთადერთია – ქმედების ადეკვატური კვალიფიკაცია და პროპორციული სასჯელი", _ წერს გვარამია.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ წარედგინა. გამოძიება გაჩეჩილაძეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.



































































