„ თუ არ გადავიხდით 7 დღიან ვადაში, დააყადაღებენ ჩვენს ანგარიშებსაც და ქონებასაც”, _ განაცხადა “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.“ მისივე განცხადებით, თანხის გადახდას არ აპირებენ.
ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ადვოკატი სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანია, როგორმე „ქართული ოცნების“ პარტიების ბლოკირება მოახდინოს, რასაც ვერ მოახერხებს.
_ ბატონო სანდრო, რა სამართლებრივი შედეგები მოყვება ამ ყველაფერს?
_ ზუსტად ისეთივე, როგორიც ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში. სააღსრულებლო ბიუროს უკვე გადაეცა აღსრულებისთვის და ერთკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, აუქციონის წესით გაასხვისებენ. ვადა ორშაბათს იწურება.
_ გადაუხდელობის შემთხვევაში, შეიძლება კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები და მოძრაობა „ქართული ოცნება“ ოფისიდან გამოასახლონ?
_ საქმე ის არის, რომ ადგილებზე არსებული ოფისები არ არის “ქართული ოცნების” საკუთრებაში შემავალი პარტიების კუთვნილება, მაგრამ უძრავი ქონების გარდა, არის მოძრავი ქონებაც, კომპიუტერები, მაგიდები, სკამები…
_ როგორ ფიქრობთ,საბოლოო მიზანი რა არის? მთლიანად პარტიის ბლოკირება?
_ რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი სწორედ „ქართული ოცნების“ და მასში შემავალი პარტიების ბლოკირებაა, რასაც ვერანაირი მეთოდით ვერ მიაღწევენ, რა სანქციებიც უნდა განახორციელონ, მოხალისეების დონეზე მაინც გაგრძელდება „ქართული ოცნების“ მუშაობა და დაწყებული საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე.