აღსრულების ეროვნული ბიურო 2016 წლის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.
როგორც უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 8 574 ერთეული შემთხვევა შეადგინა;
"საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 263 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა; შედარებისთვის, წლის განმავლობაში აღსრულების პოლიციამ სულ დაასრულა 297 საქმე, საიდანაც 83 პროცენტი მორიგებით დასრულდა.
ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 479 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 6 514 მოქალაქეს.
საანგარიშო პერიოდში ბიუროს წარმოებაში არსებული 7 724 ალიმენტის საქმეებიდან დარეგულირდა 4 377 საქმე.
მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.
2016 წლის განმავლობაში, სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობით, მორიგებით დასრულდა 625 საქმე.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს", _ ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.