“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, სააკაშვილმა ახლა მოიკითხა გზა თუ იყო მამათში, რაზეც გურიის გუბერნატორ ვალერი ჩიტაიშვილისგან ასეთი პასუხი მიიღო: _ გზა არ გაკეთებულა. მაშინ გაიცა ახალი ბრძანება _ მამათში გზის პრობლემა უნდა მოგვარდეს!
“გურია ნიუსი” ამ დღეებში მამათში ჩავიდა. მამათელებმა მხოლოდ ტელევიზიით შეიტყვეს, რომ გზა უნდა გაკეთდეს და ამბობენ, რომ ასე ხშირად ჰპირდებიან:
_ პრობლემების მეტი რა გვაქვს _ გზა არ არის, წყალი არ არის, წვიმის წყალიც კი სანატრელია. სოფლის ცენტრიდან ეზიდებიან სასმელ წყალს. ლანჩხუთიდან რომ მოდიხარ მამათის მიმართულებით, იქ საერთოდ არ არის წყალი.
_ სოფლის განვითარების პროგრამით არაფერი არ კეთდება?
_ ხიდის გაკეთებას შეგვპირდნენ და ვნახოთ, როდის გაკეთდება. მდინარე სუფსას გაღმა ყანები გვაქვს და იქ ძლივს გადავდივართ. მოსაცდელები გააკეთეს.
_ ხალხს ჰკითხეს, საჭირო იყო თუ არა მოსაცდელები?
_ ხალხს ყველაზე მეტად წყალი და ხიდი უნდა. “ხაშიას” ეძახიან, საყანე ფართობები აქვს იქ მოსახლეობას, მაგრამ მდინარეზე ხიდი არ არის, რომ ადამიანმა დროზე მოუაროს ყანას. ხან სუფსა დიდდება და აქედან გამომდინარე, ვერ გადავდივართ საყანე ფართობებში.
_ როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, წელს მოსახლეობამ სიმინდი ვერ დათესა…
_ კი, ვისაც როგორ შეეძლო ისე დათესა. ახლა ვუცდით, წყალი როდის დაიწევს, რომ ყანა გავმარგლოთ.
_ ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მიმართეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
_ ყოველდღე ვეუბნებით, ისინი კი გვპასუხობენ, დღეს-ხვალო. ახლა გვითხრეს, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში იქნებაო და თუ იქნება, ისიც არ ვიცით.
ერთმა მამათელმა ქალბატონმა გვითხრა, რომ მასთან სოფლის რწმუნებულის აპარატიდან იყვნენ მოსული:
_ რწმუნებულის მდივანი იყო მოსული. გვკითხეს, თანახმა ხართ თუ არა, გაზის გაყვანა რომ დავიწყოთო. ასევე შეგვეკითხნენ, თქვენს ოჯახში მექანიკოსი თუ არისო. დასაქმებასაც დაგვპირდნენ.
სოფელში, ძირითადად, არაფერი არ კეთდება. კარგი იქნება გზა, ხიდი თუ გაკეთდება და სოფელი სოფელს დაემსგავსება. რომ ამოხვედით, რამე ნახეთ გაკეთებული? სოფლის ძირითადი პრობლემაა წყალი. გზას კიდევ არა უშავს _ რაღაც კეთდება ხანდახან. სამი წლის წინ გააკეთა გზა მთავრობამ, მაგრამ ძალიან მალე გაფუჭდა. ჩვენი სახსრებით წყლის მოტორიც დავდგით, მაგრამ ვინ დაგვაცადა _ მოიპარეს.
71 წლის ქალბატონი: _ სიახლე სად არის? გვატყუებენ. ამბობენ, ხიდი გაკეთდება, წყალი გაკეთდებაო. ვიხრჩობით უწყლობით ამ სიცხეში. საყანე ფართობებში ვინც დადის, წელამდე წყალში უნდა გავიდეს, საღამოს კი უკან უნდა გამოცუროს.
ჩვენი პრეზიდენტი 2009 წელს რომ დაგვპირდა, პენსია 100 დოლარი იქნებაო, სად არის? ახლა 2012 წელია _ მოგვცა? გლეხებისთვის არც გათენებულა და არც გათენდება არასოდეს.
არც პოლისი მომცეს, არც სოციალური დახმარება. სოცაგენტები ჩემთან რომ მოვიდნენ, ასე მითხრეს, შენ სხვას უნდა დაეხმაროო. ეს სახლი კომუნისტების დროს მაქვს აშენებული. ისეთი წყობა არასდროს არ მოვა გლეხისთვის და მუშისთვის, მაშინ რომ იყო. მანდარინს, ვაშლს, მსხალს, პანტას გვაბარებინებდნენ, ჩაი იკრიფებოდა და ფული ჰქონდა ხალხს. დღეს, 100 ლარი მაქვს პენსია და ხუთი ლარი ვერ გადავინახე, რომ წამალი მეყიდა.
_ ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს?
_ რა უნდა გააკეთოს? თვითმმართველობის არჩევნებზე გააკეთეს წყალი, ორი თვე იმუშავა. შემდეგ წყლის მოტორი გაფუჭდა და ახლა აღარ არის წყალი. გვპირდებიან, მაგრამ არჩევნებამდე, ალბათ, არ გვექნება წყალი. რამაზ ნიკოლაიშვილის მოადგილე იყო მოსული, ხიდი გაკეთდება, ჩასმულია ბიუჯეტშიო, შიდა გზები გაკეთდებაო, მოსაცდელებიო. რად გვინდა მოსაცდელები? ხალხი დაუსაქმებელია, პურის ფული არ აქვს, ყველა უმუშევარია. რატომ უნდა დადიოდნენ აქაურები თურქეთში მოჯამაგირედ, როცა ჩაიში “ვიხრჩობით”?! კვირა არ გავა, რომ მგელმა ძროხა არ შეჭამოს, ღამით გარეთ ვერ გავდივართ.
45 წლის ქალბატონი: _ სოფელი არის საშინელ მდგომარეობაში. ალბათ, ჩემამდე სხვებსაც ჩაწერდით. მდინარის გაღმა ფართობები გვაქვს. მანქანას უნდა დაუცადო, რომ გადახვიდე მეორე მხარეს და ყანაში მიხვიდე. ეს პრობლემა სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი. ელემენტარული დახმარება უნდა მოსახლეობას. თხილობიდან თხილობამდე უნდა გავიტანოთ თავი, ხალხი თურქეთშია გახიზნული. ამასწინათ ლანჩხუთიდან ამოვიდნენ, ჩაი მოგვაკრეფინეს, ცოტა ფულიც ავიღეთ და მაინც კმაყოფილი ვიყავით. დროებითი სამუშაო კი იყო, მაგრამ რამდენიმე დღის საკვების ფული გაგვიჩნდა.
“გურია ნიუსი” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ეთერ ჭყონიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ხიდი სოფელში აუცილებლად გაკეთდება:
_ ამის შესახებ 2012 წლის დასაწყისში იყო ცნობილი. უბრალოდ, ადგილობრივი ბიუჯეტით ეს პრობლემა ვერ გადაიჭრებოდა. ახლა კი საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხიდი კეთდება _ მიზნობრივი თანხაა გამოყოფილი მამათის ხიდისთვის. ასევე, ძიმითი-აცანა-მამათის გზის გაკეთება იწყება. ამას ემატება სოფლის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული პროექტები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოიყო 37 707 ლარი: ამ თანხით გათვალისწინებულია: ზემო მამათი _ მოსაცდელის მოწყობა, წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია “საცავას” უბანში; კონჭკათი _ გარე განათების მოწყობა, წყლის ტუმბოს და 5-ტონიანი ავზის შეძენა; ქვემო მამათი _ მოსაცდელის მოწყობა, გარე განათების მოწყობა; შათირი _ წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობა, ეკლესიის გალავნის შეკეთება.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს მამათის მოსახლეობამ ითხოვა მდინარე სუფსაზე ე.წ. “ხაშიას” ხიდის გაკეთება, რომელიც სოფელს საყანე ფართობებთან აკავშირებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მამათელების სატკივარი გაითავისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინაშე დააყენა საკითხი და მთავრობის განკარგულებით ხიდის მშენებლობისთვის 240 033 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, იგეგმება შიდა გზების შეკეთება: “შათირის”, “ღლონტების”, “კაპროანის”, “საცავას”, “ლომაძეების” უბნების გზების მოხრეშვა, _ გვითხრა ეთერ ჭყონიამ.