ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის აწ უკვე ყოფილი მთავრი ბუღალტრის გიორგი ჩხაიძის საქმეს პროკურატურა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის დასკვნის და მოთხვნის საფუძველზე შეისწავლის.
როგორც სამსახურის უფროსი გია ნაჭყებია ამბობს, ჩხაიძე ორი წლის განმავლობაში კულტურის ცენტრის კუთვნილ თანხებს პირად ნაგარიშზე რიცხავდა:
_ ეს ცენტრის ფინნასური ანგარიშების საფუძვლიანი შესწავლის დროს, მას შემდეგ აღმოვაჩინეთ, რაც საბანკო გადარიცხვები მოვითხოვეთ. გაირკვა, რომ ჩხაიძეს 15 ათასი ლარი პირად ანგარიშზე გადაურიცხავს, თუმცა, ნაწილი უკან ჰქონდა დაბრუნებული, _ გვითხრა ნაჭყებიამ, რომლის ინფორმაციით, დარჩენილი 4 900 ლარი ბიუჯეტს უკვე დაუბრუნდა.
_ მან ასევე გადაიხადა საგადასახადო სამსახურის მიერ დარიცხული ჯარიმა _ 100 ლარი, რაც დეკლარაციების არასწორად წარდგენის გამო დაერიცხა კულტურის ცენტრს, _ გვითხრა ნაჭყებიამ.
აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით დეტალები პროკურატურამ უნდა გაარკვიოს:
_ საქმე ძიებაშია და ველოდებით შედეგებს, _ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ნაჭყებია.
ძიების დასრულების მოლოდინშია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძეც, რომელმაც ჩხაიძესთან ერთად, კულტურის ცენტრის სამსახურის უფროსიც გაათავისუფლა:
_ უკვე დავწერე გია იმნაიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. ვფიქრობ, მას ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება. სამართლებრივ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, გამოძიების დასრულებას ველოდები, _ გვითხრა ურუშაძემ.
კომენტარის გაკეთებას მოგვაინებით დაგვპირდა კულტურის ცენტრის ყოფილი უფროსი გია იმნაიშვილი. ჩვენ შევეცადეთ ყოფილი ბუღალტრის გიორგი ჩხაიძის პოზიციაც გაგვეგო, თუმცა, მასთან დაკავშირება შეუძლებელია აღმოჩნდა.
„გურია ნიუსი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.