საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს.
საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა ევროკომისარმა საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში. იოჰანეს ჰანმა ასამბლეის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.
დემოკრატიული რეფორმების გატარების საფუძველზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ შეკითხვა ევროკომისარს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ დაუსვა.
"ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მალე ვიხილავთ, რადგან საქართველოს მოქალაქეები ამას იმსახურებენ. ისინი ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის ძალიან მოწადინებულნი არიან. 2015 წლის დეკემბერში პროცესისთვის ყველა აუცილებელი პირობა შესრულებული იყო. ასე რომ, მალე ევროპის მასშტაბით, ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭება ევროპული მისწრაფებების აღიარება იქნება. დაიწყება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება. დღეს, ევროპაში მთელი რიგი ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა შეინიშნება. პირველ შედეგებს უკვე ვხედავთ. ვფიქრობ, ყველასთვის თვალში საცემი გახდება ის გარემოება, რომ ქართველები ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან", _ განაცხადა ევროკომისარმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სტრასბურგში ვიზიტი შეაფასა.
„მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, რომლებიც ცალსახად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და საქართველოს შორის წარმატებულ და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ", _ განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, თამარ ჩუგოშვილთან ერთად, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე შედიან.