პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, სავარაუდოდ, მარტში წარდგება.
”იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტს სულ ახლახან ჰქონდა მიმართვა ახლად არჩეული პარლამენტისადმი, ჩვენი დღის წესრიგიდან გამომდინარე, ჩვენ კონსულტაციები გავმართეთ საქართველოს პარლამენტთან და შევჯერდით, რომ უპრიანი იქნებოდა პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო მოგვიანებით, გაზაფხულზე, სავარაუდოდ, მარტში", _ განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა ყველა იმ საკითხს შეეხება, რაც მოსახლეობისთვის საჭირბოროტოა და პარლამენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ისმენს.
როგორც ცნობილია, საგაზაფხულო სესია 7 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება, ხოლო 8 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება.