ქალაქ ოზურგეთში, მუზეუმის წინ, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე საყვავილე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. ყვავილებით მოვაჭრეებს წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში უწევდათ ვაჭრობა. როგორც ისინი ამბობენ, მათ ეს პრობლემა მოუგვარდათ, დაახლოებით, 4 წელია, თუმცა, ახლა კვლავ დადგნენ პრობლემის წინაშე, რადგან ქალაქ ოზურგეთის მერია აღნიშნული ტერიტორიის აუქციონზე გატანას აპირებს.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე საყვავილე ამ ეტაპზე საპრივატიზაციო ნუსხაში ჩასმულია, ორშაბათს, 30 იანვარს გამოცხადდება აუქციონი და 28 თებერვალს ჩატარდება.
ყვავილებით მოვაჭრეები პროტესტს გამოთქვამენ, ხოლო მერიაში აცხადებენ, რომ მოვაჭრეებს სამუშაოს გარეშე არ დატოვებენ:
მარინა ცეცხლაძე: “ჩვენამდე ჯერ არ მოსულა ზუსტი ინფორმაცია და იქნებ გაგვაგებინოთ, ჩვენც ჭორის დონეზე ვიცით, რომ იყიდება ეს ადგილი აუქციონზე, მაგრამ რა პირობებით იყიდება, ეს გვაინტერესებს. ჩვენ შევისყიდით ამ ტერიტორიას, არავის მივცემთ შესყიდვის უფლებას. ასეთ ყინვაში რომ ოჯახის ქალი გამოვა და დილიდან საღამომდე ქუჩაში დადგება, უჭირს იმას, პურის ფულისთვის დგას, თუ კი აქუციონია, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას“.
მერი სამხარაძე: “ჩვენ რა ვსვათ და რა ვჭამოთ, ჩვენ ადამიანები არ ვართ, რას ჰქვია იყიდება?! ჯერ ჩვენ არ უნდა ჩაგვაყენონ საქმის კურსში? თუ წინააღმდეგი ვიქნებით, აუქციონი არ შედგება, ეს არის ჩვენი პურის ფული, სად წავიდეთ მერე? “
ნაზი კალანდაძე: “არ დაგვაყენეს მაშინ, არ შეიძლება ტროტუარზე ჯდომაო, არაფრით გაგვაჩერეს და გადმოგვიყვანეს ამ ადგილზე, აქ იქნებით და არავინ აღარ შეგეხებათო. აქ ისეთი სიბუნძერე იყო, სახანძრო მანქანით გადავრეცხეთ, დავამსგავსეთ ქალაქს. ქალაქში ერთი ყვავილებით სავაჭრო ადგილი არ უნდა იყოს? ახლა სად წავიდეთ 12 ქალი? სანამ ლოგინად ჩავვარდები, მანამ არ დავთმობ ამ ადგილს. სოფლიდან დავდივარ, გვაჩუქეს მაშინ, მაგრამ ახლა თუ დაგვაკისრებენ გადასახადს, გადავიხდით, ოღონდ იმდენს, რამდენსაც შევძლებთ. მთელი დღე პურის ფულისთვის ვართ, ყველაფერი გაძვირებულია ისედაც“.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას აკეთებენ:
“აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, ფოლკლორის ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე კუსტარულად მოწყობილი საყვავილის ფუნქციონირება ძალიან არაესთეტიკური იქნება. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი აღნიშნულ ტერიტორიას რეაბილიტაციას ჩაუტარებს და საყვავილეს კეთილმოწყობილ იერს მისცემს, მაშინ აქ ყვავილებით ვაჭრობის გაგრძელების წინააღმდეგი ქალაქის მერია არ იქნება, მაგრამ თუ აუქციონში გამარჯვებული პირი ამ ტერიტორიის სხვა მიზნებისთვის გამოყენებას გადაწყვეტს, მაშინ ჩვენ, მოვაჭრეებს სხვა ფართს გამოვუძებნით და სამუშაოს გარეშე არ დავტოვებთ“, _ ამბობენ მერიაში.