“ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ცოტნე შენგელიას, კახაბერ გიგაშვილსა და ვლადიმერ ჯანეზაშვილს გორის რაიონულმა სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობები შეუფარდა.
“ქართული ოცნების” ქვემო ქართლის იურიდიული სამსახურის უფროსის, თედო კობახიძის განმარტებით, ფირზე არსად ჩანდა აღნიშნული პირების მხრიდან რაიმე სახის ხულიგნური ქმედება. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ეკა ზარნაძემ თითოელ მათგანს სასჯელი სწორედ 166-ე მუხლით შეუფარდა.
“ქართული ოცნების” იურიდიული ჯგუფი გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, კახი კალაძის დაცვის თანამშრომელი, ცოტნე შენგელია, სამტრედიის პოლიციამ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. მოგვიანებით, ის გორის პოლიციაში იპოვეს, თუმცა მანამდე, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ოჯახის წევრები უშედეგოდ ეძებდნენ. იმყოფებოდნენ გორის პოლიციაშიც, სადაც მათ უთხრეს, რომ მსგავსი პიროვნება იქ არ მიუყვანიათ.