"ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 67%-ს, 12 თვის განმავლობაში, შეხება არ ჰქონია მერიასთან, გამოკითხულთა 33% კმაყოფილებას მერიის მუშაობასთან დაკავშირებით გამოთქვამს, 27% მერიის მუშაობით უკმაყოფილოა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე კვლევის პირველ ნაწილს ბუნდოვანს უწოდებს.
_ ცოტათი ბუნდოვანია, რა იგულისხმება იმაში, რომ მოსახლეობის 67%-ს შეხება არ ჰქონია მერიასთან. 2016 წელს მერიაში შემოსულია 4 775 მოქალაქის სხვადასხვა ტიპის განცხადება. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ოზურგეთში, დაახლოებით, 16 000 ადამიანი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ციფრი ქალაქის მერიის ცნობადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ პატივს ვცემთ NDI-ის, როგორც სანდო და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ კომპანიას, მაგრამ რა ვუყოთ იმ სტატისტიკას, რომელიც ქალაქის მერიაშია დაცული შესაბამისი პირადი მონაცემებითა და ხელმოწერებით?
ქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ მოქალაქეებთან სწორი და მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს. ჩვენ ხშირად ვმართავთ შეხვედრებს დავდივართ მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფთან, პრობლემების მქონე მოქალაქეების ოჯახებში. გვაქვს ყოველკვირეული მიღების დღე. შესაბამისად, სტატისტიკის აღნიშნული მაჩვენებლის მიზეზები კომუნიკაციის პრობლემაში ნამდვილად არ არის საძიებელი.
რაც შეეხება მოქალაქეების იმ 27%-ს, რომელიც მერიის მუშაობით უკმაყოფილოა, ეს სრულებით არ გახლავთ საგანგაშო მაჩვენებელი. საზოგადოება შედგება სხვადასხვა მოთხოვნისა და საჭიროების, ასევე, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებისგან და სრულიად შეუძლებელია, მოქალაქეების 100% ხელისუფლების საქმიანობით კმაყოფილი იყოს, ასეთი მაჩვენებელი, არა მგონია, რომელიმე სხვა რეგიონში ან ჩვენი ქვეყნის გარეთაც არსებობდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უკმაყოფილო მოქალაქეების 27% სრულიად ჩვეულებრივი მოცემულობაა. თუმცა, ცხადია, ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი ყოველთვის არის ყველა მოქალაქის კმაყოფილების ხარისხის ზრდა.