უკვე მეორე დღეა ლანჩხუთში გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი რიგ სოფლებში 80 სანტიმეტრს აღწევს. გამგეობის ოფიციალური ინფორმაციით, სოფლებში სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდა სოფლის შიდა გზები, ხოლო ცენტრალურ მაგისტრალზე ტექნიკური მარილი დაიყარა.
როგორც ჩვენთან საუბარში აკეთის მოსახლეობა ამბობს, სოფლის შიდა გზები ამ დრომდე გაუწმენდავია.
"თოვლის საფარის სიმაღლე ქვემო აკეთში 60-70 სანტიმეტრი იქნება. ჯერჯერობით, არანაირი ტექნიკა არ გამოჩენილა, რომ გზები გაეწმინდა. თუმცა, გვითხრეს, რომ დღეს ამოვიდოდა ტრაქტორი და სოფლის შიდა გზებს გაწმენდა. ტრანსპორტი არ მოძრაობს და რაიონულ ცენტრთან დაკავშირება გაძნელებულია“, _ ამბობს აკეთის ერთ-ერთი მაცხოვრებელი "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრისას.
ჩოჩხათლების თქმით კი, შედარებით რთული მდგომარეობა კოკათსა და ხორეთში.
"ჩოჩხათსა და მოედანში ტრანსპორტი მეტ-ნაკლებად მოძრაობს. გზა არავის გაუწმენდია, უბრალოდ მძიმე წონიანი ავტომანქანებმა გაძრეს გზაზე არსებული თოვლის საფარი“.
ქალაქის მაცხოვრებელთა თქმით, ჯერჯერობით, მოძრაობა ქუჩებში გაძნელებული არაა, თუმცა, თუ თოვა ისევ გაგრძელდა, მაშინ, ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ღონისძიებები უნდა გაატაროს. რაც შეხება მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებს, აქ შედარებით რთული მდგომარეობაა და ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჩიტაძის ინფორმაციით, კი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო რეჟიმი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მართალია სხვა დღეებთან შედარებით მოსწავლეთა აქტივობა დაბალია, თუმცა, სასწავლო პროცესი ლანჩხუთის სკოლებში არ შეწყვეტილა. თუ როგორ განვითარდება შემდგომი მოვლენები, ეს ამინდზეა დამოკიდებული. თუ არ გამოდარა, მაღალმთიან სოფლებში შესაძლებელია სასწავლო პროცესი გადადიდოს“, _ გვითხრა ჩიტაძემ.
სოფლებიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები, ელექტროენერგია კი ყველა სოფელს უწყვეტად მიეწოდება.