აღმოჩნდა, რომ ბალეტი პარკინსონით დაავადებულებისთვის თერაპიის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა. ქორეოგრაფიულ მინიატურებში მონაწილეობა თავის ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს და პაციენტებს მოძრაობის კოორდინაციაში ეხმარება. ავადმყოფებს ცეკვის გაკვეთილებს ინგლისის ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეები უტარებენ.
ნევროლოგი ქრისტოს პროუკაკისის თქმით, პარკინსონის დაავადება პრაქტიკულად არ იკურნება. ავადმყოფობა პროგრესირებადია და თავის ტვინის ახალ-ახალ უბნებზე ვრცელდება. თავის ტვინის ცალკეული ნაწილები კი, მოძრაობის კოორდინაციას განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ასეთ პაციენტებს მარტივი ქმედებების შესრულება უჭირთ.
პროუკაკისი "Euronews"-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ადამიანის ძალისხმევით შესაძლებელია თავის ტვინის ჯანმრთელმა ნაწილმა დაზიანებული უბნების ფუნქცია თავის თავზე აიღოს. ამის სტიმულირებას კი, სპეციალისტის თქმით, მოძრაობა უწყობს ხელს. ამდენად, ბალეტის გაკეთილები პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მსგავსი პრაქტიკის დანერგვა ინგლისის მთელ ტერიტორიაზე უახლოესი სამი წლის მანძილზე იგეგმება.