ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც გვითხრეს, სოფლის არცერთი შიდა გზა მეორე დღეა არ გაწმენდილა:
_ ერთ მეტრზე დიდი თოვლია. არც გზაა და არც კვალი. სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ მოდის. გვპირდებიან გავწმენდთო, თუმცა მეორე დღეა ტრაქტორი არ გამოჩენილა. გთხოვთ, მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა. თუ არ მოგვხედავენ, როგორმე გამოვაღწევთ აქედან და ცენტრალურ გზას გადავკეტავთ, _ აღნიშნეს "გურია ნიუსთან" საუბრისას ადგილობრივებმა.
შპს "ჩოხატაურის ავტოსერვისის ხელმძღვანელი ერეკლე მრელაშვილი დაბლაციხელების პრეტენზიებს იზიარებს:
_ მესმის, რომ რთული მდგომარეობაა, თუმცა ჩვენი ტექნიკით, ე.წ. "დეტეთი" გზის გაწმენდა ვერ მოხერხდა, რადგან თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს და ჩვენი ტრაქტორები ვერ ერევა. ყველაზე დიდი პრობლემა საყვავის ტყის დასახლებას აქვს. უკვე ვიქირავეთ მუხლუხა ტრაქტორები და მოსახლეობასთან შეთანხმებით, ხვალ დილიდან დაიწყება ყველა უბნის გაწმენდა, _ გვიTხრა მრელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჩოხატაურის სხვადასხვა სოფელში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს.