ეს ფოტოები ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩებში, დაახლოებით, ორი საათის წინ არის გადაღებული.
ოზურგეთში მცხოვრები მოსახლეობა “გურია ნიუსს“ ქუჩებში დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების გაშუქებას თხოვდა. მათი თქმით, ცენტრალური ქუჩები გაუწმენდავია, რაც დიდ საფრთხეს უქმნის, როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე, ავტომობილით მოსარგებლე მძღოლებისთვის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთს მერი ბეგლარ სიორიძე ასეთ კომენტარს აკეთებს:
"ქალაქ ოზურგეთის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.
მოგეხსენებათ, რომ ქალაქ ოზურგეთში ასზე მეტი ქუჩაა და პრობლემა არცერთ მათგანზე არ არსებობს. უხვი ნალექის გამო, შესაბამისი ტექნიკა განმეორებით უბრუნდება უკვე გაწმენდილ ტერიტორიებს. შემიძლია ხაზგასმით გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც უამინდობა დაიწყო, ჩვენი ტექნიკა არ გაჩერებულა და 24 საათის მანძილზე მუშაობს. მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს, რომ ხელოვნურად არ მოხდეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, იმდენად, რამდენადაც ქუჩების მთლიანად გაწმენდა და თოვლისგან ბოლომდე გათავისუფლება ვერ მოხერხდება და ასე არც ხდება ხოლმე. თოვლი საკმაოდ მაღალია და მთავარია, რომ მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება აქვს. თუმცა, ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვთხოვო, რომ გაუმართავი ტრანსპორტით მოძრაობისგან თავი შეიკავონ. მოსალოდნელი ძლიერი ყინვის გამო, მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მთელი ღამის მანძილზე ქალაქის ქუჩებში მარილის დაყრის სამუშაოებს აწარმოებს“.