დღეს, დილიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფლებში გზები გაწმენდილია და ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს. რაც მთავარია, მზიანი დღე გათენდა და გურიას სტიქია აღარ უტევს.
გუშინ, 29 იანვარს ღამის საათებშიც მუშაობდა გამწმენდი ტექნიკა სოფლების: ჭანიეთის, ლიხაურის და ქაქუთის მიმართულებით, სადაც სოფლის ცენტრალური გზის გარდა, არაერთი შიდა გზა გასუფთავდა ისე, რომ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი გახდა. გაიწმინდა ცენტრალური გზა ბათუმის მიმართულებით.
_ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, პირადად გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე აკვირდებოდა და ყურადღების გარეშე არ ტოვებდა გზების მდგომარეობას. შესაძლებლობისამებრ, ყველაფერი გაკეთდა. ახლა ლიპყინულიც დევს და მთავარია, როგორც მძღოლებმა, ისე ფეხით მოსიარულეებმა, მოძრაობისას სიფრთხილე გამოიჩინონ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ჭანიეთში მერაბ ბერაძემ.