ახლახან, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, ოზურგეთელ არქიტექტორს საყვალა სალუქვაძეს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭა და 2016 წლის საქართველოს რვა საუკეთესო არქიტექტორს შორის დასახელდა.
_ ეს არის დაფასება იმ შრომისა, რასაც ჩვენ ამ სფეროში ვეწევით გურიის მხარეში. ვხედავ დაფასებას და ასეთი დამოკიდებულება მეტ განწყობას გვმატებს. სასიხარულოა და მადლიერი ვარ, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საყვალა სალუქვაძემ.
საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი საყვალა სალუქვაძე 1979-1981 წლებში ოზურგეთის რაიონის მთავარი არქიტექტორი იყო. 1995-2006 წლებში კი საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს გურიის მხარის ურბანიზაციის და მშენებლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. იმავდროულად, იყო გურიის მხარის არქიტექტორიც. დღეისთვის საყვალა სალუქვაძე მშობლიურ რაიონში განაგრძობს პროფესიულ მოღვაწეობას.