საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახური, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც დედა-შვილის გარდაცვალებას და სავარაუდო მიზეზებს ეხებოდა, სპეციალურ განცხადებას ავრცელელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ახალი ამბების სამსახურმა, გუშინ, დედა-შვილის ცხედრების აღმოჩენიდან რამდენიმე წუთში, მაყურებელს შესთავაზა ვერსიები, რომელიც შემთხვევის ადგილზე შეკრებილ მეზობლებს ჰქონდათ მომხდართან დაკავშირებით, ისევე, როგორც ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი.
საზოგადოების ერთ ნაწილში, ეს ვერსიები აღქმულ იქნა მტკიცებულებად. ხოლო, სხვადასხვა მედია საშუალებამ, მოახდინა ჩვენი ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილის გავრცელება, რომელშიც მეზობლები ვერსიებს გამოთქვამდნენ.
ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, ფაქტის სიმძიმეს და ჩვენ პასუხისმგებლობას.
დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ. სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა გახდა ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი" _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ბათუმში, ინასარიძის 14 ნომერში მოხდა. ცხედრები პოლიციამ აღმოაჩინა.
"მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა რის შემდეგაც ისინი სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ. მეზობლების ინფორმაციით დედა შვილი გაიყინა, რისი მიზეზიც ელექტროენერგიის გათიშვა გახდა" _ აღნიშნული იყო ტელეკომპანიის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში.