ალკოჰოლის მავნებლობასა და სარგებლობაზე დავა არ წყდება. ჟურნალ "European Heart Journal"-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყოველდღიურად გარკვეული ოდენობის ალკოჰოლური სასმელის მიღება დადებითად აისახება მამაკაცების ჯანმრთელობაზე, რომლებმაც გულის შეტევა გადაიტანეს.
კვლევა ბოსტონის ბრიგამის ქალთა საავადმყოფოს სპეციალისტებმა ჩაატარეს. ისინი 1800 პაციენტს აკვირდებოდნენ, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების წესზე უნდა მოეთხროთ. აღმოჩნდა, რომ დღეში ერთი ან ორი ჭიქა ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელის მიღება გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს 42%-ით ამცირებს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ალკოჰოლს არ მოიხმარენ.
ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევა თავისი შინაარსით უნიკალურია. ის ალკოჰოლის ეფექტურობაზე ამახვილებს ყურადღებას. ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა ალკოჰოლს ასეთივე დადებითი გავლენა გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ქალებისთვის.