მიუხედავად ელექტრონული მედიასაშუალებების ყოველდღიური ღაღადისა, რომ საქართველოში გაძვირების პროცესი, განსაკუთრებით კი პროდუქტზე ფასების ზრდა, პირველი თებერვლიდანაა მოსალოდნელი, ოზურგეთში უკვე სერიოზული ფორიაქია _ შეშინებული ადამიანები იმაზე სწუხან, ფული რომ გვქონდეს, რაიმეს მოვიმარაგებდით, ამ ჯიბის პატრონებმა რა ვქნათო?
აბაშიძის ქუჩაზე, სადაც მრავალი მარკეტი თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაა, 20-21 იანვარს შაქრის ფასი, ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრით დაშორებულ მაღაზიებში სხვადასხვა იყო: ქუჩის დასაწყისში 2 ლარი და 40 თეთრი ღირდა, ბოლოში _ 2 ლარი და 50 თეთრი. საბითუმო მაღაზიებში კი _ 2 ლარი და 30 თეთრი. რიგით მყიდველებზე უფრო, მაღაზიების გამყიდველები წუწუნებენ:
დათო ლ.: _ გაგვაგებინონ, რა ამბავია, ომი იწყება? ჩვენთვის არაფერი იცვლება, ისევ იმ კაპიკებზე “ვზივართ”, რამდენიც აქამდე გვრჩებოდა. გუშინ ჩამბარებლებისგან ერთი ტომარა შაქარი 108 ლარად ვიყიდეთ, დღეს კი 115 ლარი დაგვიფასეს. ასე თუ გაგრძელდა, როგორ გადავიტანთ ზამთარსა და მოახლოებულ გაზაფხულს?! შემოდგომა მაინც იყოს, ხილით გაიტანდა ხალხი თავს!
ნათელა ზოიძე: _ წელს სიმინდი არ იყო, პურის ფქვილი ყოველდღე ძვირდება, შაქარს ჯვარი სწერია _ მალე მოგვიწევს თბილი წყლის დალევა უშაქროდ. ბარემ წაგვიღონ სასაფლაოზე ცოცხლად _ რით განვსხვავდებით იქ დამარხულებისგან?
საკმაოდ ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც დიდი სამამულო ომის დროს ბავშვობის ასაკში იყვნენ, იხსენებენ, რომ ხალხს პურის ულუფა ჰქონდა და გაგანია ომის პირობებში, მთავრობა ახერხებდა, პროცესები ეკონტროლებინა:
_ გაიძახიან, ახლა ბიზნესის ამბებში მთავრობა ვერ ჩაერევა, ფასებს ვერავის გაუკონტროლებსო. კარგით, რა, როცა უნდათ, ისე დაერევიან ბიზნესს, როგორც ქორი წიწილებს, _ გვითხრეს მათ.
ცალკეული ადამიანების წუხილს, რომ პროდუქტის სასწრაფოდ გაძვირება მხოლოდ ოზურგეთში ხდება, არ ადასტურებენ სხვა რეგიონებში მცხოვრები ჩვენი კოლეგები, რომლებსაც 21 იანვარს დავუკავშირდით და ფასების მატების შესახებ ვკითხეთ: ჭიათურიდან გვაცნობეს, რომ იქ შაქრის სახსენებელიც გააქრეს _ საყიდლადაც არ არისო; რუსთავში და თბილისში ერთი კილოგრამი 2 ლარი და 20 თეთრი ღირდა; ხონში _ 2,30-სა და 2,40 ლარს შორის მერყეობდა; ქუთაისში 21 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, შაქარი ზოგან _ 2,30 ლარი, ზოგან კი 2,40 ლარი ღირდა; ბათუმში _ 2,20 ლარი; კახეთში შაქრის მწვავე დეფიციტი შეიქმნა, რადგან შეშინებული ხალხი ამ პროდუქტს ტომრებით ყიდულობდა.
ამავე დღეს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა რიხიანად განაცხადა, ქვეყანაში შაქრის და არც არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ არისო(?!), რაზეც გურულებმა თქვეს, მთავრობისთვის ამ ქვეყანაში არც პროდუქტის დეფიციტია, არც ფასის და, რაც მთავარია, არც ტყუილებისო!