სახალხო დამცველი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მოუწოდებს ყველაფერი გააკეთონ მათ გასათავისუფლებლად.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 1978 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს, რომელიც თავდაპირველად 2016 8 ივნისს, ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ბრალი „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში“, კონკრეტულად კი ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“ აქტიური მონაწილეობის გამო დაუმძიმეს.
„ეს სამწუხარო ფაქტი ადასტურებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ კვლავ გრძელდება უფლებების უხეში დარღვევა. ხდება მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და დაბრუნების უფლების შელახვა“, _ აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სახალხო დამცველი აქტიურად იყო ჩართული პატიმართა გათავისუფლების პროცესში, რომელიც 2016 წლის მარტში თბილისის, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის შედეგად განხორციელდა და მხარს უჭერდა მხარეთა ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა ადგილობრივ მკვიდრთა უსაფრთხოებას.
„სამწუხაროა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ კვლავ გრძელდება დაკავებები და უგულვებელყოფილია ადგილობრივ მკვიდრთა უფლებები და საჭიროებები.
კონფლიქტით დაზარალებულ პირთათვის კიდევ უფრო მეტი ზიანის მიყენება უნდა დასრულდეს. სახალხო დამცველი მიმართავს სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას მიიღოს ქმედითი ზომები გიორგი გიუნაშვილის დარღვეული უფლებების აღსადგენად და გაათავისუფლოს იგი.
სახალხო დამცველი ასევე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. ამის, გარდა, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უნდა დააყენოს ინიციატივა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისუფლება აღკვეთილ მოქალაქეთა გათავისუფლების მიზნით“, _ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.