საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც იგი ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერის გაყიდვას რამდენიმე მილიონად ცდილობდა, სოციალური ქსელით უპასუხა:
"როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი.
ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately…
მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდინის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, – მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ.
"P.S. რამდენიმე შეტყობინება მივიღე – მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო, – ეს არა მხოლოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია..."_ წერს ნაცვლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.