საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად განაცხადა ის, რომ მოსმენების ე.წ. გასაღები არ უნდა იყოს იმ ორგანოს ხელში, რომელსაც გააჩნია საგამოძიებო ფუნქციები, _ ამის შესახებ საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა გიორგი გოცირიძემ განაცხადა, რომელიც ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობს.
მისივე განცხადებით, ამ კანონპროექტით სააგენტო ხვდება სუს-ის დაქვემდებარებაში, რომელიც პროფესიულად დაინტერესებული ორგანოა მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.
"ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ცალსახად შეუსრულებლობა. ჩვენ გაგვაჩნია ამ კანონპროექტთან პრინციპული წინააღმდეგობა, ვინაიდან, ეს კანონპროექტი არ პასუხობს იმ სტანდარტს, რაც დაადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ სააგენტოს ექნება ასევე, მნიშვნელოვანი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების ფუნქცია და ეს კიდევ დამატებით იქნება წინააღმდეგობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ამ ფორმით ეს კანონპროექტი", _ აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.
მისივე განცხადებით, გასაღები უნდა ჰქონდეს "ყოველგვარი საგამოძიებო მოქმედებებისგან დაცლილ ორგანოს" და არა ისეთ ორგანოს, რომელსაც ბმა აქვს სუს-თან, ან ნებისმიერ საგამოძიებო სამსახურთან.
ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანომდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან იწყება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო.
აღნიშნულ საკითხზე ამ წუთებში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ავლაბრის სასახლეში კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.