სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ინოვაციური პროდუქტი – დამტენი-მაისური შექმნეს. მაისური ჩვეულებრივი ქსოვილისგან არის შეკერილი და მასში არავითარი ლითონი არ არის ჩამონტაჟებული.
იმისათვის, რომ ჩვეულებრივ მაისურს დამტენის ფუნქცია შეეთავსებინა, იგი ფტორის ხსნარში გარეცხეს და უჰაერო სივრცეში გააშრეს. ამის შემდეგ ქსოვილი გააქტიურებული ნახშირბადის მდგომარეობაში გადაიყვანეს, რამაც მას დამუხტვის უნარი მიანიჭა. მაისური ბგერითი ვიბრაციის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. მაისურის ფუნქციონირებისთვის სპეციალური მიკროფონი გამოიყენება, რომელიც ბგერით ტალღებს „შთანთქავს.“ ეს ბგერითი ტალღები დაწნული კვარციტის საშუალებით ელექტრონულ მუხტებად გარდაიქმნება.
შედეგად, მაისურს ნებისმიერი პლანშეტის, ტელეფონის და სხვა ელექტრომოწყობილობის დატენვა შეუძლია. რაც ყველაზე მთავარია, მაისური არ კარგავს თავის პირველად ფუნქციას და მომხმარებელს მისი ჩაცმა შეუძლია.
დამტენი-მაისურის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მომავალში ნებისმიერი გაჯეტის დატენვა, უბრალოდ, მაგიდაზე მისი დადებით იქნება შესაძლებელი.