ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დღეს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება არ მოუსმენია.
როგორც მეუფე იაკობმა გადაცემაში „მთავარი თამარ ჩიქოვანთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მამა გიორგის დაკავების შესახებ პატრიარქმა იცის.
„დაკავებული რომ არის მამა გიორგი, ეგ იცის პატრიარქმა. დღევანდელი არავის უთქვამს. უწმინდესს დღეს მაგას ვერ მოასმენინებდნენ.
ჩვენ გამოძიების შედეგებს ველოდებით, ძალიან მძიმე ბრალდებაა, როგორც ვხედავთ, რომ ჩამოვალთ ჩავებმებით საკითხში.
რაღაცებზე საქმის კურსში ვართ. თუ ვინმე რამეს აშავებდა, არც ჩვენგან დარჩებიან უყურადღებოდ. მე პირადად, ვარ იმ აზრზე, რომ გამოძიება ბოლომდე მივიყვანოთ. აქ ვინმეზე ხელის დაფარება არ შეიძლება.
მე ადამიანების დაჭერაზე არ მაქვს საუბარი, უწმინდესის ხასიათი ვიცი, იტყვის ყველას ვაპატიოთო. შეიძლება, რომ საქართველოში ცხოვრება აუკრძალო და საზღვარგარეთ გავყაროთ. გასაგებია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზეა საუბარი, მაგრამ ის უფრო მძიმეა სამშობლოში რომ ვერ დასაფლავდები ადამიანი.
დაჭერისგან და ციხეებისგან გვეცოდება ხოლმე ადამიანი. კი დამნაშავეა, მაგრამ მაინც გვეცოდება“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.