"მესმის პატრიარქის სურვილი, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული სასულიერო პირის მიმართ შეთითხნილი საქმე მალე უნდა დასრულდეს, მაგრამ მე როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, სასტიკი წინააღმდეგი ვარ მიტევებით, ან გაუგებარი მიზეზით ჩაიფარცხოს ეს საქმე." _ წერს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე.
მისივე თქმით, "თვითმფრინავის ბიჭების" საქმის შემდეგ, სასულიერო პირის დაჭერა და გასამართლება არ ახსოვს:
"ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რას ნიშნავს პირადი მიზნებისთვის მიზანში ამოღებული მსხვერპლის სახლში ჩადებული იარაღი და, რაც მთავარია, თბილისი-კიევის ბილეთით მანიპულირება.
ეს უკანასკნელი, უკიდურესი სიმდაბლის გამოხატულებაა, რაც პოლიტიკურ მოტივაციას კიდევ უფრო ამძაფრებს და გვატყობინებს, რომ ჩადებული ციანიდის წარმომავლობის კვალი ამ ზნედაცემულ ხელისუფლებასთან მებრძოლ პოლიტიკურ ძალას უნდა დაკავშირებოდა.
საბედნიეროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. როგორც არ უნდა შეეცადოს ხელისუფლება ამ საქმის "გაკეთილშობილებას", თუ ფუნდამენტური იდიოტი არ ხარ, არ არსებობს სანდოობის ნატამალი, რაც ამ ბოდვის ნამდვილობაში დაარწმუნებს რომელიმე ჩვენგას.
თუმცა, არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება იმ გაუგონარი სიჩუმის მიმართ, რაც მთელი ამ მოვლენების მსვლელობისას მაწუხებს. მე არ ვიცნობ მამა გიორგი მამალაძეს, ვიცი, რომ წლების განმავლობაში მსახურობს ეკლესიაში, რაც მაფიქრებინებს, რომ მრევლი ყავდა და ყავს.
ჰო და, მინდა ვიკითხო, ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა მებრძოლი ქრისტიანი, რომელიც მის ინტერესებს საქმის გაბითურებამდე, ხმამაღლა დაიცავდა?
აქვე გეთყვით, რომ არ გაბედოთ და არ წარმომიდგინოთ ისეთ ბრიყვად, რომელსაც მეუფე იაკობის პატრიოტობის სჯერა, ან მოცემულობად ვიღებ ყველაფერ იმას, რაც ეკრანებიდან გადმოედინება, მაგრამ როგორ არ ვიკითხო, ნუთუ ერთი თქვენგანის ოჯახის წევრი არ მოუნათლავს ამ კაცს, ან წესი არ აუგია, ან აღსარება არ გაგინდვიათ, ან ნუთუ ერთს არ ჩაგითვლიათ თავი მოვალედ, რომ უბრალოდ, როგორც ადამიანი დაიცვათ?
ქრისტეს გმობა, უპირველესად უსინდისობის მიმართ მონური მორჩილება უფრო მგონია, ვიდრე დადგენილი კანონების დარღვევა. უშველეთ თქვენში ადამიანობას და გადაარჩინეთ მამა გიორგი, რომელიც უპირველესად ადამიანია და მერე მისი სასულიერო რეგალიები" _ წერს ხერხეულიძე.