კათალიკოს-პატრიარქის სრული ვიდეო მიმართვის გამოქვეყნებას, სადაც უწმინდესი ამბობს რომ მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით კითხვები აქვს, გამოხმაურებები უკვე მოჰყვა.
"დღემდე არ გამიკეთებია კომენტარი ამ თემაზე, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი შეკითხვები ჩნდება გზადაგზა, რომ პასუხები ყველას უნდა გვაინტერესებდეს, _ წერს საკუთარ ფესიბუქგვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, _ არ გამოვთქვამ არანაირ ვარაუდს, მაგრამ მას შემდეგ, რაც პატრიარქის მიმართვის სრული ჩანაწერი ვნახეთ, საიდანაც, აღმოჩნდა რომ უმნიშვნელოვანესი ნიუანსები ამოჭრილი ყოფილა და ისე გაავრცელეს ტელევიზიებმა, ვინც გაავრცელა, ვკითხულობ _ ვინ ამოჭრა პატრიარქის მნიშნელოვანი სიტყვები და ვის დასჭირდა იმ ფრაზების ამოღება, რომლებიც ამოჭრილი იყო?!
პატრიარქს თავად ჰქონია ბევრი შეკითხვა დეკანოზთან გიორგი მამალაძესთან და ჩვენ თავდაპირველად ისევ მოდელირებული საუბარი შემოგვასაღეს.
რა ხდება და რა მიზნით გააკეთა ასე, ვინც გააკეთა?! მე არ ვიცი, ვინ დაამზადა პატრიარქის ვიდეო ჩანაწერის ეს მოკლე ვერსია. აშკარაა, რომ ვინც ეს გააკეთა, ამ სკანდალის ერთ მხარესაა!!!
ალბათ, გამოძიება დაინტერესდება!" _ წერს ზვიად კვაჭანტირაძე.
აღსანიშნავია რომ პატრიარქის ვიდეომიმართვა, ორ ნაწილად, თავდაპირველად ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიამ გაავრცელა და მედიაც ამ ჩანაწერებს დაეყრდნო.
ჩვენ ვცადეთ დეტალები ეპარქიაში გადაგვემოწმებინა, თუმცა, იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.