„პატრიარქმა ჟურნალისტებს შოკოლადები გამოგვიგზავნა. უწმინდსის ძღვენი კლინიკის მოსაცდელში მყოფებს ილია მეორის დიშვილმა ჩამოგვიტანა“, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე წერს.
როგორც ხაჩიძემ „გურია ნიუსს“ უთხრა, პატრიარქმა ჟურნალისტები ჯერ დალოცა, შემდეგ კი, მათ შოკოლადები გაუგზავნა.
„ძალიან ემოციური მომენტი იყო, ჯერ მისი ნახვა და რომ დაგვლოცა, შემდეგ ეს თბილი ჟესტი. საშუალება მოგვეცა პატრიარქის მონახულების, მან დაგვლოცა და გაგვესაუბრა. ამის შემდეგ შოკოლადები გამოგვიგზავნა, რომელიც მისმა დიშვილმა ჩამოგვიტანა და გვითხრა რომ პატრიარქმა გამოგიგზავნათ, მიიერთვითო. თურმე პატრიარქს ჩვევად ჰქონია მსგავსი საჩუქრების გაკეთება, ადრეც გაუგზავნია ჟურნალისტებისთვის შოკოლადები, როგორც მერე გავიგეთ“, _ უთხრა „გურია ნიუსს“ მიხეილ ხაჩიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გერმანიაში 2 თებერვლიდან იმყოფება. მას 13 თებერვალს ნაღვლის ოპერაცია გაუკეთეს.
პატრიარქი საქართველოში ხვალ, ჩარტერული რეისით დაბრუნდება.